კაპიტოლიუმზე თავდასხმა

სპეციალური ჯგუფი კონგრესს კაპიტოლიუმის თავდაცვის გაუმჯობესებას სთხოვს

NBC News

კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემფასებელთა სპეციალური ჯგუფი კონგრესს ამ სამთავრობო შენობის თავდაცვითი სისტემის გაუმჯობესებას სთხოვს.

6 იანვარს აშშ-ს ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის განსახილველად აშშ-ში სპეციალური ჯგუფი იყო შექმნილი. ჯგუფს ევალებოდა ამ დღის მოვლენების განხილვა, შეფასება და მომავალში მსგავსი საფრთხის თავიდან აცილების გზებზე ფიქრი.

8 მარტს გასაჯაროვდა სპეციალური ჯგუფის ანგარიში კაპიტოლიუმის თავდაცვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რომელსაც ჯგუფმა ხელი სამი დღის წინ მოაწერა.

სპეციალური ჯგუფი კონგრესს კაპიტოლიუმის პოლიციის გადამზადებისკენ, 233 სამუშაო ადგილის ვაკანსიის დროულად შევსებისკენ, დაფინანსების გაზრდისკენ და დამატებითი 350 პოლიციელის დაქირავებისკენ მოუწოდებს. საუბარია კაპიტოლიუმის სამთავრობო შენობის გარშემო თავდაცვითი სტრუქტურების აშენებაზეც და დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასაწყობი ღობის დამონტაჟებას, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში აღმართავენ. ასევე, სპეციალური ჯგუფი კონგრესს ურჩევს, ხშირად ჩაატარონ შენობის ევაკუაციის სიმულაციები და ტრეინინგები. ყურადღება ექცევა მთავრობის წარმომადგენლების კაპიტოლიუმის გარეთ დაცვასაც. 

სპეციალურ ჯგუფს სურს, რომ მსგავსი ვითარების გამეორების შემთხვევაში, კაპიტოლიუმის პოლიციამ უფრო სწრაფად და პროფესიონალურად იმოქმედოს. მათი შეფასებით პოლიციელები 6 იანვრის თავდასხმისთვის მზად არ იყვნენ და გამოცდილება არ ჰქონდათ.

კაპიტოლიუმის შენობა თავდასხმის საფრთხის გამო ამჟამად დროებით არის გამაგრებული.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობის გარშემო პოლიციამ დაცვა გააძლიერა. გადაწყვეტილების მიზეზი შენობაში "შეჭრის შესაძლო გეგმა" გახდა. პოლიციის ინფორმაციის თანახმად, ექსტრემისტული ჯგუფები 4 მარტს შენობაზე ხელახალ თავდასხმას გეგმავდნენ. ამ ვარაუდის გამო აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 4 მარტს დაგეგმილი სხდომაც გადადო. 


2021 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ, 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. ამ ქმედების წახალისებაში ბრალი თავად ყოფილ პრეზიდენტს დასდეს, რის გამოც მოეწყო მისი იმპიჩმენტის პროცესი, უკვე მეორედ. დონალდ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. 
14 თებერვალს აშშ-ს სენატმა იმპიჩმენტის პროცესში ტრამპის მსჯავრდებას მხარი არ დაუჭირა.

კაპიტოლიუმზე თავდასხმის შესახებ შეგიძლიათ მეტი შეიტყოთ ტაბულას სტატიაში:

კომენტარები