ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

"ადამიანის დაჯარიმებას დრო სჭირდება, ყველა დაჯარიმდება" – სირაძე პოზნერსა და მის სტუმრებზე

"ყველა დაჯარიმდება, ადამიანის დაჯარიმებას სჭირდება დრო". – ამბობს საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე. მისი ინფორმაციით, დაჯარიმდება ყველა, ვინც რუს ჟურნალისტთან, ვლადიმიტ პოზნერთან ერთად რესტორანში იყო. 

"მოხდა მათი იდენტიფიცირება და ჯარიმდებიან და დაჯარიმდა ნაწილი. ყველა ჯარიმდება, პროცედურას დრო სჭირდება, ხომ? ადამიანის დაჯარიმებას სჭირდება დრო.  

2 000 ლარიანი ჯარიმა გამოეწერება ყველა იმ პირს, ვინც დაარღვია მთავრობის დადგენილება, ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარით". – ამბობს ვაჟა სირაძე მთავართან

რუსი ტელეწამყვანი, ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. პოზნერთან ერთად ჩამოვიდნენ რუსი ჟურნალისტები და შოუბიზნესის წარმომადგენლები.   

მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, პოზნერმა, მეგობრებთან ერთად, ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. უცნობია ისიც, რა საბაბით მისცეს კომენდანტის საათის ფარგლებში გადაადგილებისთვის საჭირო საშვი როგორც პოზნერს, ისე მის რუს მეგობრებს. 

რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვლადიმირ პოზნერი სასტუმროდან შეძახილების ფონზე, პოლიციის კორდონის დახმარებით გაიყვანეს. პოზნერი, სტუმრებთან ერთად, ამ დროისთვის სასტუმრო რუმსშია. შენობასთან აქტივისტები არიან შეკრებილი - მათ რუმსს კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები