საწვავის ფასები

საწვავის ფასები კიდევ იზრდება – რას უნდა ველოდოთ

საქართველოში ბენზინი ძვირდება. 

მარტში, პრემიუმის, რეგულარისა და დიზელის საშუალო თვიური ფასები 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. 

სოკარის ვებგვერდზე განთავსებულ ფასების არქივზე დაყრდნობით, მარტის თვეში 1 ლიტრი ნანო პრემიუმის შეძენა, საშუალოდ, 2.67 ლარად იყო შესაძლებელი, ევრო რეგულარისა – 2.44 ლარად, დიზელი კი 2.60 ლარი ღირდა.  2019 წლის სექტემბრიდან მოყოლებული,სოკარის ბენზინგასამართსადგურებში 4 განსხვავებული ტიპის საწვავის ფასები, საშუალოდ, ასე გამოიყურებოდა:

ჰორიზონტალურ ღერძზე თვე და წელია აღებული, ვერტიკალურზე კი – ფასი

სოკარის ფასების არქივის მიხედვით, საწვავის ფასები 2020 წლის ივნისიდან დაწყებული სტაბილურად იზრდება. 2019 წლის ბოლოდან პანდემიის დასაწყისამდე ოთხივე ტიპის საწვავის ფასი მაღალ ნიშნულს ინარჩუნებდა, თუმცა, ვირუსის გავრცელებით გამოწვეულმა სანავთობო და ეკონომიკურმა შოკებმა ფასები მნიშვნელოვნად შეამცირა. 2021 წლის მარტის მდგომარეობით, პანდემიის ეფექტი გამქრალია – ფასები დაუბრუნდა და, ზოგიერთი ტიპის შემთხვევაში, გადააჭარბა 18 თვის წინანდელ მაჩვენებლებს.

ანალოგიურ სურათს ვაწყდებით ლუკოილისა და გალფის ფასების არქივის გაანალიზებისასაც. მარტის თვეში ლუკოილის ბენზინგასამართსადგურებზე საწვავის ფასები ასე გამოიყურებოდა:

  • 1 ლიტრი პრემიუმ ავანგარდი – საშუალოდ, 2.65 ლარი
  • 1 ლიტრი ევრო რეგულარი – საშუალოდ, 2.46 ლარი
  • 1 ლიტრი ევრო დიზელი – საშუალოდ, 2.65 ლარი

2019 წლის სექტემბრიდან დღემდე კი ფასების დინამიკა სოკარის მსგავსი იყო:

ჰორიზონტალურ ღერძზე თვე და წელია აღებული, ვერტიკალურზე კი – ფასი

ამ შემთხვევაში, ევრო რეგულარისა და ევრო დიზელის ფასი თითქმის იდენტურია 2019 წლის სექტემბერში დაფიქსირებული ნიშნულისა, თუმცა, 18-თვიან მაქსიმუმზეა პრემიუმისა და სუპერის ფასები. 

რაც შეეხება გალფს, მარტის თვეში, საშუალოდ, 1 ლიტრი G-Force პრემიუმის ყიდვა 2.71 ლარად იყო შესაძლებელი, ევრო რეგულარისა – 2.49 ლარად, ევრო დიზელი კი 2.66 ლარი ღირდა. 

გალფის ფასების სტატისტიკა ზევით განხილული იმპორტიორების იდენტურ სურათს გვიჩვენებს:

ჰორიზონტალურ ღერძზე თვე და წელია აღებული, ვერტიკალურზე კი – ფასი

ფასების სტაბილური ზრდა და 18 თვის წინანდელი მაჩვენებლების დაბრუნება ბადებს კითხვას, ერთი მხრივ, რა ფაქტორები განაპირობებს საწვავის გაძვირებას და მეორე, შენარჩუნდება თუ არა ეს დინამიკა მომავალშიც. 

საქართველოში საწვავის ფასების ზრდაზე, სულ მცირე, ორი ფაქტორი ახდენს გავლენას – ნავთობის მსოფლიო ფასი და ვალუტის გაცვლითი კურსი. 

2021 წლის 8 მარტს ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე $70 დოლარს გადააჭარბა, რაც 2019 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნული იყო. მას შემდეგ ნედლი ნავთობის ფასმა რამდენჯერმე დაიკლო, შემდეგ ისევ მოიმატა და დღეს, 30 მარტს, $64.60-ს გაუტოლდა. ამ მომენტისთვის ნავთობის ფასის ზრდას სამომავლოდაც უნდა ველოდეთ, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

პირველ რიგში, 4 მარტს OPEC-ის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ნავთობის მოპოვებისა და მიწოდების შეზღუდვა აპრილის ჩათვლით გახანგრძლივდება, რაც პირდაპირ აისახება ფასების ზრდაზე. 

მეორე მხრივ, 6 მარტს, შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა $1.9 ტრილიონი დოლარის დახმარების სახით ეკონომიკაში ინექცირებას, რაც მოთხოვნის სტიმულირებასა და ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად. 

და ბოლოს, მსოფლიო მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, რაც პანდემიის დამარცხებისა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნების ყველაზე რეალური გზაა. სავარაუდოა, რომ 2021 წლის ბოლოსთვის განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულად იმუნიზებული იქნება, რაც ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად გაზრდის. 

ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ნედლი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ნეგატიურად აისახება საწვავის ფასებზე როგორც მსოფლიოში, ისევე საქართველოშიც. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, 2021 წლის მესამე კვარტალში ნედლი ნავთობის ფასმა, შესაძლოა, $80 დოლარსაც მიაღწიოს. 

რაც შეეხება ვალუტის გაცვლით კურსს, ოპტიმიზმის საფუძველი არც ამ მიმართულებით არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მოხმარებული საწვავის 100% იმპორტირებულია, ფასები სრულადაა დამოკიდებული დოლარის კურსზე. ბოლო 12 თვის განმავლობაში დოლარისა და ლარის გაცვლითი კურსი ასე გამოიყურებოდა:

29 მარტის მდგომარეობით ერთი ამერიკული დოლარი 3.3846 ლარი ღირს, რაც 2020 წლის 6 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება მოლოდინებს, TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, საბაზისო სცენარში 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, 2021 წლის ბოლოსთვის, 3.30 ლარის ფარგლებში იქნება, 1 ევროსი კი – 4.05 ლარის. ანალოგიურ პროგნოზს ავრცელებს საინვესტიციო ბანკი გალტ & თაგარტიც, რომლის მიხედვითაც, თუ 2021 წელს ტურიზმი აღდგება, ლარი 3.15-3.2 ნიშნულზე ჩამოვა, საპირისპირო შემთხვევაში კი წლის ბოლოს 3.4-მდე აიწევს. 

პესიმისტურად არიან განწყობილი ექსპერტებიც. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ვანო მთვრალაშვილმა BM.GE-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლოდინები ოპტიმისტური არ არის და ფასების მატება გარდაუვალია და ცვლილება როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს შეეხება.

კომენტარები