პოლიტიკური კრიზისი

დანიელსონი: ხვალ იქნება დოკუმენტი, თუ მიიღწევა შეთანხმება, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები

"დღეს მქონდა შეხვედრა სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან ხვალინდელი შეხვედრის მოსამზადებლად". – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩემი დღევანდელი მიზანი იყო, მომეძიებინა გზები, რომ ყველაზე რთული პუნქტები ამ მედიაციისა, შესრულებულიყო. ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს, რომ მხედველობაში სხვა მხარეების ინტერესებიც იყოს მიღებული და როგორც მე ხშირად ვამბობ, ეს ნიშნავს ყველა მხრიდან დათმობას.

რაც პროცესს შეეხება, ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებთ. მიზანი არის, რომ მდგრადი ჩარჩო გაკეთდეს მომავლისთვის. ეს არის ნდობის აღდგენის გზა. ეს უპასუხებს საჭიროებას, რომ გატარდეს სისტემური რეფორმა, რათა საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი და მართლმსაჯულებისადმი გაიზარდოს.

საბოლოოდ, ეს არის პარტიების პასუხისმგებლობა, მათზეა დამოკიდებული, აიღონ პასუხისმგებლობა ასეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე. ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე. თუ მიიღწევა შეთანხმება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები - თქვა დანიელსონმა და აღნიშნა, რომ "პირველ რიგში, ერთი მთავარი გამარჯვებული ქართველი ხალხია".

"ამიტომ, დღეს მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყოს საქართველოსთვის ხვალინდელი გამარჯვება". – აღნიშნა მან.

კითხვაზე, რა არის მისი წინადადება ვადამდელ არჩევნებთან და მელია-რურუას საკითხთან დაკავშირებით, კრისტიან დანიელსონი ასე პასუხობს - "ნუ ელით ჩემგან ახლა დეტალებს, ხვალ იქნება დოკუმენტი, საკითხები ისედაც იცით, რადგან ეს იყო მოცემული პრეზიდენტ მიშელის დატოვებულ დოკუმენტში".

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. ის უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორს, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, ქართული ოცნების წევრებს და ოპოზიციურ პარტიებს. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.  18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა.

კომენტარები