გიორგი გახარია

სამხარაძე: გახარია უმრავლესობის სხდომაზე გვარწმუნებდა, რომ მელიასთვის იმუნიტეტი მოგვეხსნა

ნიკოლოზ სამხარაძე
კადრი ვიდეოდან/რუსთავი 2

ქართული ოცნების დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, უმრავლესობის წევრებს არწმუნებდა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი მოეხსნათ.  ამის შესახებ სამხარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

"გახარია უმრავლესობის სხდომაზე არწმუნებდა უმრავლესობის ყველა წევრს, ვისაც შეიძლებოდა ცოტა განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა იმაში, რომ ნიკა მელიას უნდა მოხსნოდა იმუნიტეტი აუცილებლად იმიტომ, რომ სხვა მხრივ ეს არ იქნებოდა სწორი სამართლებრივად". – ამბობს სამხარაძე. 

მისივე თქმით, მმართველ გუნდში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო და სწორედ გიორგი გახარია იყო ის ადამიანი, ვინც "გულმხურვალედ" უჭერდა მხარს იმუნიტეტის მოხსნას. 

"სწორედ ამის გამო არის ჩემთვის გაუგებარი და მოულოდნელი, როცა სამი დღის მერე პოზიციას იცვლი. ეს მან, ალბათ, უნდა აუხსნას საზოგადოებას". – აღნიშნავს დეპუტატი. 


გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად. 

22 მარტს, გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და აღნიშნა, რომ არსად წასვლას არ აპირებს. 

კომენტარები