პოლიტიკური კრიზისი

ღარიბაშვილი: აშშ-ს სენატის განცხადებებმა ოპოზიციის სპეკულაციებს წერტილი დაუსვა

"აშშ-ს სენატში გაკეთებული განცხადებებით ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა და დასრულდა ერთგვარი ბრალდებები და ცილისწამებები ნებისმიერ თემაზე, რომელიც გვესმოდა ჩვენ ოპოზიციის წევრებისგან". - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ს სენატში საქართველოს დემოკრატიის შეფასების მოსმენის შესახებ საუბრისას თქვა. 

"ჩვენ მზად ვართ, ძალიან მოკლე დროში განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა, ასევე, მოვამზადოთ მართლმსაჯულების რეფორმა და ყველა ის რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რომელიც იყო აღნიშნული აშშ-ს სენატის მხრიდან. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მიშვნელოვანი იყო ბატონი ბორელის განცხადებები,  აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიტანეს ბორელის მისამართით, ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს რა ძალასთან გვაქვს საქმე". - ამბობს ღარიბაშვილი. 

მისი თქმით, ოპოზიციის ერთადერთი არჩევანი პარლამენტში შესვლა და "ხელოვნური კრიზისის დასრულებაა". 

"ოპოზიციას დღეს დარჩა სულ რაღაც ორი არჩევანი, ერთი, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები, შევიდნენ პარლამენტში და დაასრულონ ეს მასკარადი და აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები და მეორე, თუ ისინი გააგრძელებენ დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული". - ამბობს ღარიბაშვილი. 

მთავარი გზავნილები აშშ-ს სენატში საქართველოს დემოკრატიის შეფასების მოსმენიდან წაიკითხეთ - აქ

კომენტარები