ვენეციის კომისია

ვენეციის კომისია: ბოიკოტისთვის პარტიების დაფინანსების შეწყვეტა არაპროპორციულია

ტაბულა

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ და ეუთო/ODIHR-მა გამოაქვეყნეს ერთობლივი ანგარიში ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების შესახებ. ორგანიზაციებმა, საქართველოს მოუწოდეს, გადახედონ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებისთვის, კერძოდ, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რიგ შესწორებებს.

საუბარია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებზე, რომელთა ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე შეიმუშავა. ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, მიიჩნევენ რა, რომ არჩევნების შედეგები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას.

ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივი შეფასებით, ასეთ შემთხვევებში დაფინანსების შეწყვეტა არაპროპორციულია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო საქმიანობა პოლიტიკური პარტიის მუშაობის ქვაკუთხედია, ეს არ არის პოლიტიკური პარტიის ერთადერთი დანიშნულება.

"ისეთ სიტუაციაშიც კი როცა პარტიიდან პარლამენტის არჩეული წევრების უმეტესობა უარს ამბობს მანდატებზე, პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსების მთლიანად შეზღუდვა გადაჭარბებულად აგრესიული და არაპროპორციული ზომაა. ზოგიერთ შემთხვევაში დაფინანსების არარსებობა პოლიტიკურ პარტიებს მუშაობის საშუალებას წაართმევს." - ნათქვამია ანგარიშში.

კომისიის რეკომენდაციაა, შემოთავაზებული შესწორებები შეიცვალოს ან წაიშალოს.

"მიმდინარე სიტუაცია, როდესაც პარლამენტის წევრებმა უარი თქვეს პარლამენტში მანდატებზე, სანამ დაინიშნება ახალი არჩევნები, ჩანს, რომ არის პოლიტიკური დავა, რომელიც დიალოგითა და კეთილი ნებით უნდა გადაიჭრას და არა უმრავლესობის ხმით, იმ პოლიტიკური პარტიების გარეშე რომლებსაც შეეხება ცვლილებები სახელმწიფო დაფინანსების სრულიად შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, რეკომენდებულია, რომ მნიშვნელოვნად შეიცვალოს ან წაიშალოს მუხლი 30(5) შესწორებებიდან".

დეპუტატების მიერ საპარლამენტო სხდომების გაცდენისთვის პარტიებისთვის დაფინანსების დროებით შეზღუდვაზე ანგარიშში ვკითხულობთ:

"პოლიტიკური პარტიების და არა ინდივიდუალურად დეპუტატების სანქცირება მათთვის დაფინანსების შეწყვეტით თუ აღნიშნული დეპუტატები არ ესწრებოდნენ სხდომების უმეტესობას პარლამენტის სესიის დროს, არის არაპროპორციული და ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს, რომელიც უკვე არეგულირებს ასეთ საკითხებს ნათლად და ბალანსირებულად."

ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნა ასევე აფასებს შესწორებას, რომლის ფარგლებშიც იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არ იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას, შეეზღუდებათ უფასო საეთერო დრო წინასაარჩევნო კამპანიისთვის.

ანგარიშში ნათქვამია, რომ უფასო საეთერო დრო გარანტირებული უნდა იყოს პარტიებისა და კანდიდატებისთვის. ამ საკითხში თანასწორობა კი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის ფუნდამენტურია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ უფასო საეთერო დროის ნებისმიერი სახით შეზღუდვა განპირობებული უნდა იყოს კანონმდებლობით და ემორჩილებოდეს პროპორციულობის პრინციპებს:

"პოლიტიკურ ძალებს უნდა შეეძლოთ, ქვეყნის მთავარ მედიაში თავიანთი აზრები გამოქვან. საეთერო დროის გადანაწილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის პატარა პარტიებმა, შეძლონ წარუდგინონ თავიანთი პროგრამები ელექტორატს, როგორც არჩევნების წინ ასევე არჩევნებს შორის."

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავსი შეზღუდვები არ არის საზოგადოების ინტერესებში:

"ასეთი შეზღუდვა არ არის საზოგადოების ინტერესებში და შეამცირებს იმ ინფორმაციასთან წვდომას, რომელიც საზოგადოებას სჭირდება, რათა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს."

ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა ასევე გააკრიტიკეს შესწორება, რომელიც საშუალებას იძლევა საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას პარტია, რომელიც იმართება სხვა სახელმწიფოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქის მიერ. ანგარიშში ნათქვამია, რომ შემოთავაზებული შესწორება "ნათლად არ განსაზღვრავს, რა კრიტერიუმები იქნება გამოყენებული იმის გამოსარკვევად, თუ ვინ არის პარტიის პოლიტიკური ლიდერი და ან არის თუ არა პარტიის საარჩევნო სიაში".

"გარდა ამისა, მართალია, ხმის მიცემის და არჩევნებში მონაწილეობის უფლებაზე შეიძლება გავრცელდეს გარკვეული პირობები, მათ შორის შეზღუდვები ინდივიდის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, შეზღუდვები უცხო პირებზე, მიიღონ მონაწილეობა საშინაო პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა ვრცელდებოდეს მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებაზე და არა მათ წევრობაზე"

ვენეციის კომისიის თანახმად, იმ პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლებას აძლევს, იმოქმედოს, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა, არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზანში იღებს პარტიას და არა უცხო პირს.

"საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა იმ პარტიისა, რომელიც უფლებას აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, იმოქმედოს როგორც პარტიის პოლიტიკურმა ლიდერმა და მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო კამპანიაში, არაპროპორციული ზომაა, რომელიც დამატებით მიზანში იღებს პარტიას და არა ხსენებულ უცხო პირს. შედეგად, ამ პირობამ შეიძლება დააბრკოლოს პარტიის სიაში მყოფი ნებისმიერი კანდიდატის უფლება იყოს არჩეული და უკანონოდ შეზღუდოს ამომრჩეველთა არჩევანის უფლება."

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება 2020 წლის დეკემბერში დაინიცირდა

ინიციატორები განმარტავენ, რომ კანონპროექტით განსაზღვრული დათქმა პოლიტიკური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დაკავშირებულია კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმების ამოქმედების შემდეგ (კერძოდ, არაუადრეს პარლამენტის 2021 წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან) წარმოშობილ შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობებთან.

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტზე 17 დეკემბერს ისაუბრა. კანონპროექტს ირაკლი კობახიძემ "საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ მიმართული" უწოდა.

23 დეკემებრს რიგგარეშე საპარლამენტო სესიაზე  საკანონმდებლო პაკეტები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესსა და პარტიების რეგისტრაციის შესახებ პირველი მოსმენით მიიღეს. 

პარლამენტმა მიმართა ვენეციის კომისიას და ოდირს, ირაკლი კობახიძის თქმით, მხოლოდ მათი შეფასების შემდეგ გაგრძელდება მეორე და მესამე მოსმენით მოცემული პაკეტის განხილვა.

"ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის ან ოდირის სამართლებრივ შეფასებას და ამის შემდეგ გაგრძელდება მეორე ან მესამე მოსმენით ამ პაკეტის განხილვა". – თქვა კობახიძემ.

კომენტარები