ვენეციის კომისია

"მიღებულია ნაჩქარევად, მოითხოვს დასაბუთებას" – ვენეციის კომისია მოსმენების კანონპროექტზე

Council of Europe / Venice Commission

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის იურიდიული და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელი დასკვნის მიხედვით, მოსმენების შესახებ კანონპროექტი მიღებულია ნაჩქარევად და მოითხოვს როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას

მოსაზრების მიხედვით, საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატურია და საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების ყოვლისმომცველი გადახედვა.

მოსაზრება ხაზს უსვამს, რომ კომუნიკაციის თავისუფლება და კონფიდენციალურობა ფუნდამენტური ღირებულებებია ნებისმიერ ლიბერალურ საზოგადოებაში. ამიტომ ფარული თვალთვალის ზომები უნდა იყოს ფრთხილად ფორმულირებული და ვიწრო ინტერპრეტაციით სახელმწიფო უწყებებისა და სასამართლოების მიერ.

7 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატების ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებებს შემდგომში ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიისგან 1 ივლისს სასწრაფო დასკვნა მოითხოვა.

მიღებული კანონპროექტით, გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. 

ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.

მოსაზრება წარედგინება ვენეციის კომისიას დასამტკიცებლად მის მომავალ პლენარულ სხდომაზე, 2022 წლის 21-დან 22 ოქტომბრამდე.

კომენტარები