არჩევნები 2020

კობახიძე პარტიების დაფინანსებაზე: ველით ოდირის და ვენეციის შეფასებას შემდეგი განხილვისთვის

ტაბულა

"უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიაში პარლამენტს შეუძლია, პირდაპირ გააგზავნოს ეს პაკეტი და კარგი იქნება, რომ ორივე ინსტიტუტს მივმართოთ, ასევე ოდირს და ორივესგან მოვისმინოთ სამართლებრივი მოსაზრებები ამ პაკეტთან დაკავშირებით". – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე, დღეს რიგგარეშე საპარლამენტო სესიაზე პირველი მოსმენით მიღებულ ახალ საკანონმდებლო პაკეტებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესსა და პარტიების რეგისტრაციის შესახებ.

კობახიძის თქმით, პარლამენტი მიმართავს ვენეციის კომისიას და ოდირს, და მხოლოდ მათი შეფასების შემდეგ გაგრძელდება მეორე და მესამე მოსმენით მოცემული პაკეტის განხილვა.

"გარკვეული კუთხით შერბილება მოხდა ამ პაკეტის, კერძოდ, 1 წლიანი ვადა შემცირდა 6 თვემდე, ანუ შერბილებულია ეს პაკეტი უკვე პირველი მოსმენის შემდეგ. ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის ან ოდირის სამართლებრივ შეფასებას და ამის შემდეგ გაგრძელდება მეორე ან მესამე მოსმენით ამ პაკეტის განხილვა". – თქვა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ეს კანონპროექტი გათვლილია გრძელვადიან ეფექტზე და მისი მიზანია პოლიტიკური პარტიების მხრიდან "საბოტაჟის" პრევენცია.

"მიზანი არის, რა თქმა უნდა, საბოტაჟის პრევენცია და ამას არ აქვს მხოლოდ მოკლევადიანი, ასე ვთქვათ ეფექტი, მომავალშიც შეიძლება დადგეს ზუსტად იგივე საკითხი და ამ შემთხვევაშიც, კანონს უნდა ჰქონდეს თავისი მკაფიო პასუხი". – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

საქართველოს ერთპარტიულმა პარლამენტმა კენჭი უყარა და პირველი მოსმენით მიიღო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

ასევე, პირველი მოსმენით პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, თუ პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო აგიტაციაში ლიდერის რანგში მონაწილეობს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს, ცესკო-ს განკარგულებით, საარჩევნო სუბიექტს გაუუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია.

ამ დროისთვის, ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 55-მა უკვე ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. განცხადება არ დაუწერიათ, თუმცა არც პარლამენტში შესულან გირჩი, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეები.

საბიუჯეტო დაფინანსების მიღებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 14 ზღვარგადალახული პოლიტიკური პარტიიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 12-მა მიმართა. პარტიებისთვის გამოყოფილი დაფინანსება სრულად შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

კომენტარები