ვენეციის კომისია

ზურაბიშვილი: ცოტა უხერხულია, როცა ვენეციის კომისიას არაკომპეტენტურობას აბრალებენ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ახსნა, თუ რატომ დაადო ე.წ მოსმენების კანონპროექტს ვეტო. მისი თქმით, არის საკითხები, როცა ვეტო ატარებს ძალიან მაღალ პოლიტიკურ ნიშანს, რადგან ეს ეხება სისტემას. პრეზიდენტი განმარტავს, რომ მოსმენები "ეხება ჩვენს დღევანდელ და ხვალინდელ სისტემას". 

"აქ გადის გამყოფი ხაზი, ჩვენ ვართ საბჭოთა მემკვიდრეობაში კიდევ, თუ გადავდივართ მართლაც ევროპულ სისტემაში. არის დაცული ჩვენი პირადი ცხოვრება მოსმენებისგან თუ არა?! ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სადმე რომ შევდივართ და საუბარი გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი გავიტანოთ თუ დავიტოვოთ? მერე ვძლევთ ამას და ვამბობთ, რომ ჯანდაბას, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ - ეს არ არის ევროპული ცხოვრება, არ არის ადამიანის უფლებების დაცვა, ეს არის სხვა სისტემა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ. სწორედ ამის თქმა მინდოდა ამ ვეტოთი".- ამბობს ზურაბიშვილი. 

მისი თქმით, იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო მიღებული ცვლილებები, დაუსაბუთებლად და აჩქარებული წესით და ა.შ - ეს ყველაფერი აჩენს ახალ ეჭვს, რომ "ეს არის ძალაუფლების გამყარებისთვის მიღებული ცვლილებები". 

"ეს არ შეიძლება იმ მომენტში, როცა ჩვენ ვაცხადებთ რომ ამ რამდენიმე თვეში მივდივართ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. თუ მივდივართ ევროპისკენ, უნდა წავიდეთ. თუ არ მივდივართ და მაშინ უნდა ითქვას. ვეტო ამისი მთქმელი იყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტოთ საითკენ ვართ. მე ძალიან მოხარული ვარ რომ ვენეციის კომისიამ ამ ვეტოს საფუძვლები გაიზიარა და თუ ჩემზე შეიძლება ითქვას, რომ არაკომპეტენტური ვარ, მე მგონი, რომ ცოტა არ იყოს უხერხულია  ზოგზოგიერთებისთვის, როცა ვენეციის კომისიას არაკომპეტენტურობას აბრალებენ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც სხვა დროს და სხვა სიტუაციებში სწორედ ამ კომისიის დასკვნებს იშველიებდნენ. ასე რომ, ცოტა სერიოზულობა გვევალება ჩვენ".- აცხადებს ზურაბიშვილი. 


ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის იურიდიული და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელი დასკვნის მიხედვით, მოსმენების შესახებ კანონპროექტი მიღებულია ნაჩქარევად და მოითხოვს როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას.

7 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატების ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებებს შემდგომში ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიისგან 1 ივლისს სასწრაფო დასკვნა მოითხოვა.

მიღებული კანონპროექტით, გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები.

კანონპროექტი და მისი დაჩქარებულად მიღება უარყოფითად შეაფასეს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებმაც.

კომენტარები