პოლიტიკური კრიზისი

შაჰინი: საქართველოს კრიზისთან დაკავშირებით რეზოლუციაზე ვიმუშავებთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ

აშშ-ს სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში მოსმენის დასრულების შემდეგ სენატორმა შაჰინმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მხარს უჭერს საქართველოში კრიზისთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას.

ამის შესახებ სენატორმა შაჰინმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"თუ მოუსმინეთ გამხსნელ სიტყვებს - ჩემი, დემოკრატი თავმჯდომარის, რესპუბლიკელი უფროსი წევრის, ასევე სრული კომიტეტის უფროსი რესპუბლიკელის განცხადებებს, ისინი თითქმის იდენტური იყო. ჩვენ ყველას გვსურს, საქართველო წინ წავიდეს. მაგრამ საქართველო მაგიდასთან უნდა დაჯდეს და გამოსავალი მონახოს. სენატორი ჯონსონი სენატის რეზოლუციის მიღების წინადადებით გამოვიდა. მე ამ წინადადებას მხარს ვუჭერ. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ". – ამბობს შაჰინი

სენატორი შაჰინი შეეხო საქართველოსთვის დაფინანსების გაგრძელების საკითხსაც და თქვა, რომ შესაძლოა, ფინანსური დახმარება სწორედ ის გზა იყოს, რომელიც პარტიებს დაეხმარება გამოსავლის ძიებაში. 

"ვფიქრობ, ამას უნდა შევხედოთ. შეიძლება ეს იყოს გზა, რომლითაც გამოსავლის მონახვას წავახალისებთ. მაგრამ ჩვენ ცხადად უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოს მხარს ვუჭერთ და გვსურს ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლა და ისეთი გამოსავლის მონახვა, რომელიც ქვეყანას ზოგადად დააწინაურებს". – ამბობს შაჰინი


23 მარტს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების მოსმენა გაიმართა. სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი უძღვებოდა. მოსმენაზე სენატორებმა ერთ-ერთ საკითხად განიხილეს, დამატებით რა შეიძლება გააკეთოს აშშ-მ მიმდინარე კრიზისში საქართველოს დასახმარებლად.

სენატორმა რონ ჯონსონმა წამოაყენა წინადადება, აშშ-ს სენატმა მიიღოს რეზოლუცია, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა თავად და ერთიანი ძალებით გადაჭრან უთანხმოება.

კომენტარები