ავღანეთი

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ავღანეთში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა

ლოიდ ოსტინის ვიზიტი ავღანეთში
Reuters

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ავღანეთში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა. ოსტინი ბაიდენის კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც ავღანეთში ჩავიდა.

პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან შეხვედრის შემდეგ ოსტინმა ომის პასუხისმგებლობიან დასრულებაზე ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, შეძლებენ თუ არა ამერიკული სამხედრო ძალები ავღანეთის დატოვებას პირველ მაისამდე.

თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ აქცენტი ქვეყანაში ძალადობის დონის შემცირებაზე უნდა გაკეთდეს, რაც კონფლიქტის დასრულებისთვის მოლაპარაკებებს გზას გაუხსნის.

ჟურნალისტებთან საუბრისას ლოიდ ოსტინს არ უთქვამს, შეასრულა თუ არა თალიბანმა 2020 წელს გაფორმებული შეთანხმების პირობები.

"ნათელია, რომ ქვეყანაში ძალადობის დონე საკმაოდ მაღალია... ძალიან გვინდა, რომ ძალადობის დონემ დაიწიოს და ვფიქრობ, თუ ასე მოხდება, შეიქმნება პირობები ნაყოფიერი დიპლომატიური სამუშაოსთვის". – თქვა ოსტინმა.

ავღანეთიდან აშშ-ს სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ შეთანხმება 2020 წელს ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში შედგა. თუმცა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად შეასრულა თალიბანმა დადებული პირობა ავღანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში ჩართვაზე. გასულ კვირაში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ პირველი მაისისთვის ავღანეთის დატოვება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რასაც თალიბანის უკმაყოფილება მოჰყვა.


დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს ავღანეთიდან ჯარების გაყვანა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო. 2020 წლის თებერვალში გაფორმებული შეთანხმების თანახმად აშშ და ნატო ავღანეთიდან სამხედრო ძალების 14 თვეში გაიყვანდნენ, თუ თალიბანი დადებულ პირობებს შეასრულებდა, მათ შორის არ მისცემდა ალ-ქაიდას და სხვა დაჯგუფებებს თალიბანის კონტროლირებად ტერიტორიაზე ემოქმედათ და ავღანეთის ხელისუფლებასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებდა.

შეთანხმების ფარგლებში თალიბანმა შეწყვიტა საერთაშორისო ძალებზე თავდასხმები, თუმცა აგრძელებს დაპირისპირებას ავღანეთის ხელისუფლებასთან. მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად დაჯგუფებამ თალიბანის მებრძოლების გათავისუფლება მოითხოვა, რასაც ავღანეთის ხელისუფლება დათანხმდა. პირდაპირი მოლაპარაკებები ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის დოჰაში 2020 წლის სექტემბერში დაიწყო, თუმცა პროცესი წარმატებული შედეგით ჯერ არ დასრულებულა.

კომენტარები