ავღანეთი

ჯო ბაიდენი: ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების დათქმული დროისთვის გაყვანა რთული იქნება

2020 წლის 29 თებერვალს აშშ-მ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მეთაურობით, ავღანეთის მეაბოხეთა მოძრაობა თალიბანთან ხელშეკრულება დადო, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს ჯარები ქვეყანას 14 თვის შემდეგ დატოვებდნენ. NATO-ს ჯარები იმ შემთხვევაში გავა ავღანეთიდან, თუკი თალიბანი ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებს.

პარალელურად, კატარის დედაქალაქ დოჰაში ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო.

აშშ-სთან ხელშეკრულების დადების შემდეგ თალიბანმა ვალდებულებები არაერთხელ დაარღვია. 

abc NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯო ბაიდენმა თქვა, რომ 1-ელი მაისისთვის, რაც აშშ-ს ჯარების გაყვანის დათქმული ვადაა, შესაძლოა, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი ვერ დატოვონ.

"შეიძლება მოხდეს [აშშ-ს ჯარების ავღანეთიდან დათქმული დროისთვის გამოყვანა], მაგრამ რთული საკითხია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვარ" - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

თალიბანი აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვებს მალევე გამოეხმაურა. მათი თქმით, თუკი აშშ ჯარებს დროულად არ გაიყვანს, ამას საპასუხო შედეგები მოჰყვება.

abc NEWS-ის ამავე ინტერვიუში  ჟურნალისტმა ჯო ბაიდენს დაუსვა კითხვა, თვლის თუ არა აშშ-ს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მკვლელად, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ასევე ბაიდენმა თქვა, რომ პუტინი აშშ-ს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო პასუხს აგებს. ინტერვიუს ეთერში გაშვების შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ აშშ-ში მყოფი საკუთარი ელჩი კონსულტაციისთვის გამოიძახა.

კომენტარები