ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.
დანიელსონი შეხვედრას მართავს ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლის, ევროპული საქართველოს, გირჩი -მეტი თავისუფლება და გირჩის ლიდერებთან.
შეხვედრას ესწრებიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი.
შეხვედრები დაგეგმილია ლეიბორისტულ პარტიასთან, ასევე პატრიოტთა ალიანსთან და მოქალაქეებთან.
დანიელსონი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს უკვე შეხვდა. სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციისთვის კვლავ რჩება უმნიშვნელოვანეს საკითხებად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.
დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში იმართება.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.





