პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: არის სხვადასხვა გზა, როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე – ამაზე ვისაუბრეთ

ფორმულა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან ენმ-ძალა ერთობაშიას შეხვედრა დასრულდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციისთვის კვლავ რჩება უმნიშვნელოვანეს საკითხებად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. მისივე თქმით, არსებობს პუნქტები, რომლებზე დათანხმება მოუწევს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. 

"ჩვენი პოზიცია ცნობილია. პირველ რიგში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს და ეს მოითხოვს იმას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენს პარტიას, მაგალითად, წარმოადგენდეს ნიკა მელია, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს. რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ამ პოზიციის გადახედვა არ მომხდარა. გზები, როგორ შეიძლება ჩვენ მივიდეთ ამ არჩევნებამდე არსებობს სხვადასხვა და ჩვენ სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი. 

არსებობს პუნქტები, რომლებზეც მოუწევს დათანხმება ქართულ ოცნებასაც და მოუწევს დათანხმება ოპოზიციასაც". – თქვა სამადაშვილმა შეხვედრის შემდეგ. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით,საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.

დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში იმართება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.

კომენტარები