ჩანაწერები

ჩუბინიძე: ბერას მიმართ მუქარა გავრცელდა, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო და ჩავერთე

იმედი/კადრი ვიდეოდან

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე იმედთან ინტერვიუში ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრობს.  

ჩუბინიძის ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ: 

"ეს იყო 2010 წლის ბოლო, 2011 წლის დასაწყისი. ეს არის პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ არ აქვს გაკეთებული განცხადება პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით და ამ დროს მე ვარ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამ პერიოდში ბერას მიმართულებით გავრცელდა მუქარის შემცველი და სალანძღავი სიტყვებით დახუნძლული პროვოკაციული განცხადებები. რა თქმა უნდა, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო და, რა თქმა უნდა, მეც ჩავერთე. გავაკეთე იდენტიფიცირება, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი. გავედი კონტაქტზე ერთ-ერთის მშობელთან. ჩემდა სასიხარულოდ, მშობელი აღმოჩნდა ადეკვატური, კარგად გაიგო ჩვენი შეშფოთების საფუძველი, ჩაერთო ძალიან პოზიტიურად, ძალიან დაგვეხმარა და მედიატორის როლიც კი იკისრა. იგივე მშობელი დაგვეხმარა და გაგვიყვანა კონტაქტზე თავისი შვილის მეგობართან, რომელიც ავრცელებდა ამ პოსტებს, ცხოვრობდა მეზობელ კორპუსში. როდესაც მშობელთან ერთად მასთან მივედით, აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა კაცი იყო მარტო სახლში და მისი მშობლები არ იყვნენ. ჩემი თხოვნით, სალაპარაკო პროცესში ჩაერთნენ მეზობლები, ჩემი განზრახვა მდგომარეობდა იმაში, რომ შემექმნა კეთილსაიმედო გარემო, რომ მოგვეპოვებინა მისი ნდობა.  ამან გაამართლა, საუბრის დასაწყისშივე მეზობლებთან და აღნიშნულ მშობელთან ერთად ადვილად შემოვიყვანე კონტაქტში. ჩემს მიმართ კარგად განეწყო. მე მას ჩემთვის სასურველი კითხვები დავუსვი და მივიღე პასუხები. დავრწმუნდი იმაში, რომ არანაირ მის მიერ გავრცელებულ მუქარას არ ექნებოდა მომავალში რაიმე ტიპის ქმედება და ამით დავამთავრეთ საუბარი. საუბრის დამთავრება კიდევ უფრო კეთილსაიმედო იყო, მშობელი წუხდა, რომ ახალგაზრდები ძალიან ბევრ დროს ატარებდა კომპიუტერთან და ეს ცუდად მოქმედებდა მათზე. მე ვურჩიე, რომ იქნებ რაიმე ტიპის სპორტულ ღონისძიებებში ჩართულიყვნენ, ეს იყო და ეს.  

2010-11 წელს განხორციელებულ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე დაყრდნობით ჩვენ ვიხილეთ სიუჟეტი, რომელიც უხვად იყო დამძიმებული ძალმომრეობითი ქმედების ფოტო და ვიდეო მასალით. იყო ძალიან დიდი მცდელობა, რომ გადმოეტანათ 2016-17 წლისთვის. ძალიან დიდი მცდელობა იყო, რომ უკვე მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი და ჩინოსანი ანზორ ჩუბინიძე გამოეყვანათ და დაედანაშაულებინათ რაღაც აბსურდულ ბრალდებაში, რომ დასდევენ და ავიწროებენ ახალგაზრდებს. რეალობაში რა ხდება? ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ 2010-11 წელს, როდესაც ჯერ კიდევ ქართუ ბანკის თავმჯდომარე იყო, არასდროს ჩემ მიერ ხსენებული ტიპის შეხვედრებშიც კი არ მიუღია მონაწილეობა. ანზორ ჩუბინიძეს დღეს ამაყად შეუძლია განაცხადოს, რომ ბუნებაში არ არსებობს ახალგაზრდა და გნებავთ ძველგაზრდა, რომელზეც მას რაიმე ზემოქმედება აქვს განხორციელებული. 

ჩანაწერები იყო სრულად უკანონოდ მოპოვებული 2010-11 წელს, სამი ადამიანის, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნის. რაზეა ლაპარაკი? რაც გინდათ, ის დაარქვით, გნებავთ, ჭორაობა ვუწოდოთ. ეს არის დანაშაული? მე ვფიქრობ, რომ დანაშაული არის მისი უკანონოდ მოპოვება, მისი შენახვა, მისი მოდელირება და გავრცელება". - ამბობს ჩუბინიძე. 


საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. 

TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. 

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები