ვაქცინაცია საქართველოში

ტიკარაძე: დღეისთვის არარეგისტრირებული ვაქცინის შემოტანის აუცილებლობას ვერ ვხედავ

რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ვაქცინაციის პროცესის დაწყება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აქ არის რამდენიმე მაგრამ. პირველი, რაც არის მთავარი, ვთვლი, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ, ქვეყანაში შემოვიტანოთ ის რეგისტრირებული ვაქცინები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას არ შეუქმნის არანაირ რისკს და არანაირ საფრთხეს. რა თქმა უნდა, მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, როდის შემოდის საქართველოში ვაქცინა, მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ დღეს გვაქვს დღიურ ჭრილში 130-დან 350-მდე ინფიცირებული ადამიანი, მე ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას დღეის მდგომარეობით, რომ ჩვენ უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში არალიცენზირებული და არარეგისტრირებული ვაქცინა.

დღეს რომ იყოს ნოემბერი ან დეკემბერი, რა თქმა უნდა, მე საკუთარ თავზე ავიღებდი ამ პასუხისმგებლობას და მივიღებდი ამ სარისკო გადაწყვეტილებებს, როდესაც შეიძლება ქვეყანაში შემომეტანა ჩინური ან ნებისმიერი სხვა არარეგისტრირებული ვაქცინა. მაგრამ, როდესაც ჩვენ ქვეყნის მასშტაბით გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არის დამშვიდებული და სტაბილური, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, მივყვეთ პროცესებს იმ დანარჩენი ქვეყნების მსგავსად, რომელიც ქვეყნების გაერთიანებაშიც ჩვენ, საქართველოს, გვინდა შესვლა და ამაში მე ვგულისხმობ ევროკავშირს პირველ რიგში და აშშ-ს.

უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, რადიო თავისუფლების კითხვას - "არის თუ არა მინისტრის პასუხისმგებლობა, რომ ვაქცინაცია არ დაწყებულა".

კომენტარები