პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: ნულოვანი ლოგიკაა იმაში, რომ პლებისციტს გააყალბებენ და არჩევნებს – ვერ

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტიის პოზიცია იყო, რომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და მიიღონ ცვლილებების პაკეტი საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ, თუმცა, კომპრომისის სახით, განიხილება პლებისციტიც. 

გიგა ბოკერიას განმარტებით, ევროპულ საქართველოს ეს პოზიცია არ შეუცვლია და კვლავ განიხილავს კომპრომისის სახით პლებისციტის ჩატარებას და საზოგადოებისთვის იმის კითხვას, სურთ თუ არა ვადამდელი არჩევნები. 

"ბუნებრივია, პლებისციტი უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და 8 მარტის შეთანხმებიდან ჩატოვებული გიორგი რურუას გამოშვებისა და იმ პაკეტის მიღების ფონზე, რაც ოპოზიციას უკვე შეთავაზებული აქვს მოლაპარაკებების ფარგლებში. ვგულისხმობ, სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილებებს". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ამის შესახებ გიგა ბოკერიას შეკითხვა მას შემდეგ დაუსვეს, რაც ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ "არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე". 

"რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის განცხადებას, ახლა მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს. გამოუშვას პოლიტპატიმრები, მიიღოს ეს ცვლილებები, მერე შეეგუოს მარცხს ჯერ პლებისციტში და მერე არჩევნებში. სააკაშვილის ჯინაზე ქნას ეს ყველაფერი და მე გამიხარდება". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წევრები "დღემდე ძალიან ცუდად იქცევიან" და ამბობენ, რომ ვადამდელ არჩევნებს მოლაპარაკებების საგნად არ აღიარებენ, პარტია მზად არის, რომ წავიდნენ ამ კომპრომისზე. 

"პირდაპირ არჩევნები რომ ჩაატარონ, უფრო ლოგიკურიც არის, გახარიას გადადგომის შემდეგ განსაკუთრებით, მაგრამ, თუ ეს უნდა იყოს კომპრომისი, ჩვენ ამ კომპრომისზე წასვლა მიგვაჩნია სწორ ნაბიჯად. რაც შეეხება იმ არგუმენტებს, რომ გააყალბებს პლებისციტს, მაგრამ ვერ გააყალბებს არჩევნებს, აქ ნულოვანი ლოგიკაა. ამიტომ, პლებისციტში არაა საქმე". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო, განსაკუთრებით გაამწვავა, ერთი მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და, მეორე მხრივ, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ. ამ უკანასკნელის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება კრიზისის ირგვლივ გააქტიურდა და მხარეებს დიალოგისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. 

მარტის დასაწყისში თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორგანიზება გაუწია შეხვედრას პრემიერმინისტრ ღარიბაშვილისა და ოპოზიციური ლიდერების მონაწილეობით. ეს ბოლო 4 თვის განმავლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პირველი მცდელობა იყო. 

ქართულ ოცნებას 2 კვირა აქვს იმისთვის, რომ ოპოზიციის პირობებზე შემხვედრი წინადადებები წარადგინოს. ოპოზიციის მოთხოვნებია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა, საარჩევნო კოდექსის რეფორმა და სასამართლო სისტემის რეფორმა. ხელისუფლება კვლავ იმეორებს, რომ ვადამდელი არჩევნები "წითელი ხაზია". 

კომენტარები