რუსული რეჟიმი

საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. ორგანიზაცია წერს, რომ ქართულმა ოცნებამ მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ ძალადობრივი გარემო შექმნა და ეს შემთხვევაც სწორედ ამის შედეგია.

"ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა იზოლირებული შემთხვევა არაა. ის სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია, რომელიც, უკვე წლებია, აქტიურად გამოიყენება ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ.

მესამე პირთა მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე თავდასხმა წარსულში იდენტიფიცირებული ქცევის მოდელია. სახელმწიფოს მხრიდან, როგორც წესი, ძალადობის წახალისების და დაუსჯელობის ზოგადი გარემოს შექმნის შედეგად, უგულებელყოფილი რჩება მისი ვალდებულება, დაიცვას ადამიანები ძალადობისაგან და უზრუნველყოს მოძალადეთა სათანადო პასუხისმგებლობა.

ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა და ზემოთ განხილული ქცევის სხვა მოდელები, ერთიანობაში მიუთითებს, რომ ქართული ოცნება ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობრივ გარემოს ჯერ ქმნის და შემდეგ ინარჩუნებს, რითაც, რეპრესიის სხვა ფორმებთან ერთობლიობაში, ჩნდება, მათ შორის, ფიზიკური უსაფრთხოების მნიშნველოვანი გამოწვევები". - წერია საია-ს განცხადებაში.

საია აგრეთვე წერს, რომ ძალადობის წამახალისებელ კამპანიებში დიდი როლი აქვს სამთავრობო მედიებსაც.

"განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ძალადობის წამახალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პროსახელისუფლებო მედიას, რომელიც, ფაქტობრივად, საზოგადოებაში თავისუფალი გამოხატვის, შეკრებისა და სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობისგან შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით, ძალადობის სამიზნეების მონიშვნისა და მათი დისკრედიტაციის ფუნქციას ასრულებს". - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 

22 ივლისს, ონისე ოქრიაშვილს 3 ადამიანი სახლთან დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც ის გამოკვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. მისმა მეუღლემ, მარიამ სამუშიამ მედიასთან აღნიშნა, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე ოქრიაშვილს უთხრეს - "შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო?!". 

თავდამსხმელები რომ ფიზიკური ანგარიშსწორების დროს ნოდარ დუმბაძეს ახსენებენ, ეს მედიაში გავრცელებულ ვიდეოშიც ისმის, სადაც მასზე ძალადობაა ასახული.

კომენტარები