სროლა ბათუმში

ექიმის თქმით, ბათუმში დაჭრილი მამაკაცი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზეა

ბათუმელები

ექიმის განცხადებით, 22 ივლისს, ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

"პაციენტი შემოვიდა მრავლობითი ჭრილობებით, რომლებიც შემავალი იყო როგორც გულ-მკერდის, ასევე მუცლის ღრუში [...] ნაწლავების მრავლობითი დაზიანებები იყო, დაფლეთილი ნაწილები მოვაცილეთ, დაზიანებული ნაწილის მთლიანობა კი აღვადგინეთ [...] ასევე, გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობის გამო, ჩატარდა რევისია, ჰემოსტაზი და დრენირება [...]

პაციენტი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზეა. სახეზე გვაქვს ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკური სურათი [...] ამ ეტაპზე, პროგნოზთან დაკავშირებით ზუსტად ვერ ვიტყვით დინამიკაში სიტუაცია როგორ წავა, თუმცა, ამჟამინდელი მონაცემებით სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაციას ვახერხებთ". - თქვა ექიმმა TV პირველთან საუბარში.

დაჭრილი მამაკაცის მამა ამბობს, რომ მისი შვილი კაფეში იჯდა, როცა ადგილზე ერთი პირი მივიდა და მას რამდენჯერმე ესროლა. მისივე ინფორმაციით, მათ წარსულში მცირე კონფლიქტი ჰქონდათ.

"ჩემს შვილს ვინ ესროლა, ამის შესახებ ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ჯერ დაზუსტებით არ ვიცი. აქამდე, მათ კონფლიქტი ჰქონდათ, რაღაც წალაპარაკება იყო, ზუსტად არ ვიცი [...]

ჩემი შვილი ჩემს მეგობართან ერთად იყო კაფეში, როცა იმ პირმა მოტიცკლეტით ჩაიარა და პირდაპირ ესროლა, იქ არც შელეპარაკება და არაფერი არ ყოფილა. ესენი ისხდნენ, ჩაიარა და პირდაპირ ესროლა". - უთხრა დაჭრილი მამაკაცის მამამ TV პირველს.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ან ტარებას გულისხმობს. ამ ეტაპზე, უწყებას არავინ დაუკავებია. 

კომენტარები