MicroStrategy-მ დამატებით $1 მილიარდის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა

MicroStrategy-ს აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ სეილორი
ფოტო: archyde.com

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია MicroStrategy-მ დამატებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა. საერთო ჯამში, კომპანია 90 531 ბიტკოინს ფლობს, რომელთა ჯამური ღირებულებაც, ამჟამინდელი მონაცემებით, 4.5 მილიარდი დოლარია. 

MicroStrategy-ს წარმომადგენლების თქმით, შესყიდვის საშუალო ფასი 23 985 დოლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ რამდენიმე თვეში კრიპტოინვესტიციიდან თითქმის 110%-იანი პოტენციური მოგება მიიღო. 

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ სეილორი, დიდი ხანია, კრიპტოვალუტის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და ბიტკოინისადმი კეთილგანწყობის შესახებ არაერთ ინტერვიუში უთქვამს. 

ექსპერტების თქმით, მაიკლ სეილორიც იმ ინვესტორთა ტალღის ნაწილია, რომელსაც Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი და Twitter-ის თანადამფუძნებელი ჯეკ დორსი მიეკუთვნებიან. 

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორისა და მსხვილი კომპანიების მიერ კრიპტოვალუტის აღიარება და ადაპტაცია, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად გაზრდის ბიტკოინის ფასს.

დღევანდელი, 25 თებერვლის, მონაცემებით, ბიტკოინის ფასი 50 000 დოლარია.
 

კომენტარები