ჯეკ დორსის კომპანია Square-მა 170 მილიონი დოლარის ბიტკოინი შეიძინა

Twitter-ისა და Square-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეკ დორსი
ფოტო: blockpublisher.com

ამერიკულმა საფინანსო კომპანია Square Inc.-მა 170 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანიის ქმედება Twitter-ისა და Square-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობითაა განპირობებული. 

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, 2020 წლის ოქტომბერში 4 709 ბიტკოინი, ხოლო 2021 წლის თებერვალში 3 318 ბიტკოინი შეიძინეს.

სავარაუდოდ, კომპანიის საინვესტიციო პორტფელში 400 მილიონ დოლარზე მეტის კრიპტო აქტივია. 

კომპანია Square-ის მთავარი კონკურენტი PayPal-ია, რომელიც რამდენიმე თვეა, მომხმარებლებს კრიპტო აქტივების ვაჭრობის, გაცვლისა და შენახვის საშუალებას აძლევს. 

ექსპერტთა ნაწილის აზრით, PayPal-თან კონკურენციის გაწევის მიზნითა და  ჯეკ დორსის კრიპტოვალუტის მიმართ დამოკიდებულების გამო, სავარაუდოდ, Square განაგრძობს ბიტკოინის შესყიდვის პროცესს და შესაძლოა, ამ ტენდენციას დორსის მეორე კომპანია, Twitter-იც შემოუერთდეს. 

ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის ფასი 50 000 დოლარია. 

კომენტარები