Tesla-მ $1.5 მილიარდის ბიტკოინი შეიძინა, რომლის ფასმაც რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ილონ მასკი
ფოტო: bitcoin.com

მსოფლიოს უდიდესმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა.  

ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში კრიპტოვალუტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის [BTC] ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს, 48 000 დოლარს მიაღწია. 

გარდა პირდაპირი ინვესტიციისა, კომპანია Tesla ბიტკოინს გადახდის ახალ საშუალებად მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს Tesla-ს პროდუქტების შეძენა კრიპტოვალუტის საშუალებითაც შეეძლებათ.

მსოფლიო საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, ბიტკოინი მსოფლიოში რიგით მეცხრე ყველაზე ღირებული აქტივია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 900 მილიარდ დოლარია და, ექსპერტების ვარაუდით, ის რამდენიმე დღეში ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტს, Tencent-ს გადაასწრებს, რითიც მერვე ადგილს დაიკავებს. 

Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკს არაერთხელ უთქვამს, რომ კრიპტოვალუტების მხარდამჭერია და ბიტკოინის ფართო აღიარებასაც მოელის.

“მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინი ძალიან ახლოსაა ტრადიციულ ფინანსურ სექტორში ფართოდ აღიარებასთან“. – თქვა მასკმა Clubhouse-ის ეთერში.

ექსპერტების აზრით, მასკის ინტერვიუები, ტვიტები და განცხადებები იმაზე მიუთითებდნენ, რომ ის აქტიურად იყო დაინტერესებული კრიპტოვალუტებით და Tesla-ს ასეთი ქმედება მოსალოდნელიც იყო. 

ამჟამინდელი მონაცემებით, მსოფლიო საბაზრო კაპიტალიზაციის პირველ ადგილს ოქრო იკავებს, თუმცა ინვესტორების ნაწილი მიიჩნევს, რომ მომავალში პირველ ადგილს ბიტკოინი დაიკავებს. ჯერჯერობით, ბიტკოინი ისეთ კომპანიებს ასწრებს, როგორებიცაა: Facebook, Alibaba, Tesla, Visa და Samsung. 

JPMorgan Chase & Co.-ს გრძელ ვადიანი ვარაუდით, ბიტკონმა, შესაძლოა, ციფრული ოქროს დანიშნულება შეითვისოს და მისმა ფასმა 146 000 დოლარს გადააჭარბოს.
 

კომენტარები