ჟურნალისტზე თავდასხმა

ქარტია სანაიაზე: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა

ვახო სანაიაზე თავდასხმას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება. ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახებოდა ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა". - ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.  

ოპოზიციის წევრების შეფასებით, სანაიაზე თავდასხმა "ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის პირდაპირი შედეგია", ვახო სანაია კი ამბობს, რომ "მგონი, განცხადებებს ძალიან კარგად უნდა დაუკვირდეთ, რას აკეთებთ, რომ მერე აგრესია ამ ფორმით არ გამოვლინდეს ხოლმე ჩემზე, ჩემს კოლეგებზე."  

თუმცა, მმართველი პარტიის წარმომადგენელი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ "კრიტიკაზე, დიდი ბოდიშით და, უარს ვერ ვიტყვით."

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს თავს დღეს, 25 თებერვალს დაესხნენ. საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს.     

კომენტარები