რუსული ჰაკერული თავდასხმა

რუსი ჰაკერების ერთ-ერთი სამიზნე SolarWinds-ის შეტევის დროს NASA ყოფილა

ფოტო: unilad.co.uk

2020 წელს რუსი ჰაკერების მიერ აშშ-ის სამთავრობო სააგენტოებსა და კერძო კომპანიებზე განხორციელებული SolarWinds-ის ჰაკერული თავდასხმის დროს სამიზნეთა შორის NASA და FAA ყოფილან

სადაზვერვო სააგენტოების ინფორმაციით, ჰაკერული შეტევა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და შეეხო ისეთ სამთავრობო სააგენტოებს, როგორებიცაა: აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ვაჭრობის დეპარტამენტი, სახაზინო დეპარტამენტი და, ახლა როგორც ირკვევა, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია [FAA] და NASA. 

კიბერშეტევასთან დაკავშირებით გამოძიება ამჟამადაც მიმდინარეობს და, ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის სენსიტიურ ინფორმაციასთან ჰქონდათ ჰაკერებს წვდომა.

NASA-სა და FAA-ის წარმომადგენლებმა საკითხთან დაკავშირებით კომენტარისაგან თავი შეიკავეს. 

ჰაკერების უშუალო სამიზნე კომპანია SolarWinds-ის პროგრამა, Orion-ი იყო, რომელსაც ათასობით ამერიკული კომპანია და სამთავრობო სააგენტო იყენებს. კიბერშეტევა სწორედ SloarWinds-ის საშუალებით განხორციელდა და ის რამდენიმე თვის განმავლობაში შეუმჩნეველი იყო, სანამ გარღვევა კომპანია FireEye-მ არ აღმოაჩინა.

ექსპერტების თქმით, კიბერშპიონაჟის საშუალებით ჰაკერებმა დიდი რაოდენობის სენსიტიური და საიდუმლო ინფორმაცია მოიპოვეს. 

კომენტარები