ხელოვნური ინტელექტი

კვლევა: მომხმარებლები რობოტებს უფრო მეტად ანდობენ ფინანსებს, ვიდრე ადამიანებს

ფოტო: Money and machines: 2021 global study

ტექნოლოგიური კომპანია Oracle-ისა და ბაზრის შემსწავლელი Savanta-ს ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა რობოტებსა და ხელოვნურ ინტელექტს უფრო მეტად ანდობს კომპანიისა და პირად ფინანსურ მენეჯმენტს, ვიდრე ადამიანებს, მათ შორის, საკუთარ თავს. 

ბიზნესლიდერების 90%-ს სჯერა, რომ ფინანსურ სექტორში რობოტები ჩაანაცვლებენ ადამიანებს, მათგან 62% კი თვლის, რომ ეს ცვლილება მომდევნო ხუთ წელიწადში, 2025 წლამდე მოხდება. 

ბიზნესლიდერების 80% ორგანიზაციული ფინანსების მენეჯმენტში რობოტებს უფრო მეტად ენდობა, ვიდრე ადამიანებს.

გამოკითხულთა 76% პირად ფინანსურ მრჩეველზე მეტად რობოტებს ენდობა. 68% კი საკუთარ თავზე მეტადაც კი ენდობა ხელოვნურ ინტელექტს.

კვლევაში მონაწილეთა 85% თანახმაა რობოტების მხრიდან დახმარების მიღებაზე. 

გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდა 9 000 ადამიანი მსოფლიოს 14 ქვეყნიდან, კერძოდ, აშშ-დან, ჩინეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან, ინდოეთიდან, ბრაზილიიდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან, საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, მექსიკიდან და სინგაპურიდან. 
 

კომენტარები