ფოთი

"სიტუაცია დღითიდღე მძიმდება" – ფოთში თევზის სუნის წინააღმდეგ აქციები კვლავ გრძელდება

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ფოთში მოსახლეობა და ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები კვლავ ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ. ეს პრობლემა ქალაქში წლებია, დგას. 

პრობლემის წინააღმდეგ მიმართულ აქციებში ადგილობრივი ოპოზიციაცაა ჩართული. ევროპული საქართველოს წევრი, მაკა ჩხეტია იხსენებს, რომ მაშინ, როდესაც 2019 წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს დეპუტატმა ხახუბიამ პირობა დადო, რომ ერთ წელში ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნი აღარ იქნებოდა, მაინც არაფერი შეცვლილა. 

"ქალაქში რთულია გადაადგილება. თითოეულ უბანში მძაფრი სუნი ტრიალებს. უკვე შეუძლებელი ხდება, ბავშვი ჩაუშვა ეზოში, ან თუნდაც გაასეირნო. სარეცხი, რომელსაც გარეთ ვფენთ, მძაფრ სუნს იკიდებს. როდესაც ადგილობრივ ხელისუფლებას ვეკითხებით, როდის მოგვარდება ეს პრობლემა, პასუხი ყოველთვის ერთნაირია, რომ მათ დაწყებული აქვთ მუშაობა, თუმცა ცხადია, რომ ქალაქში ცხოვრება დღითიდღე მძიმდება". – ამბობს მაკა ჩხეტია. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, დარეჯან ცხვიტარიას თქმით, ფილტრი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საწარმოებიდან გამოსული სუნი ქალაქში არ დადგეს, დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ხოლო ჯარიმა, რომელსაც ისინი ყოველწლიურად იხდიან, ფილტრზე იაფი ჯდება. ამიტომაც, ეს მათთვის მისაღები პირობაა. 

"როდესაც მოქალაქეები პროტესტს გამოვთქვამთ, ადგილობრივი ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მოდის ჩვენთან და არ გვაძლევს კონკრეტულ პირობას, როდის მოგვარდება ეს მძიმე პრობლემა. ზოგს დაშინებით ემუქრებიან, ეუბნებიან, რომ მათი ოჯახის რომელიმე წევრს, თუ ის საჯარო სამსახურში მუშაობს, გაათავისუფლებენ, რაც ცხადია, აქრობს საპროტესტო მუხტს". – ამბობს დარეჯან ცხვიტარია. 

ტაბულა ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა ქალაქის მერმა, გოჩა კურდღელიამ და საკრებულოს თავმჯდომარე, ბექა ვაჭარაძემ ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს. 

ფოთში თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი ოთხი საწარმო ფუნქციონირებს – შპს აისბერგი 2, შპს მბმ, შპს ზღვის პროდუქტები და შპს გეოფიშ კომპანი. ეს ოთხი კომპანია ფლობს თევზჭერის ლიცენზიასაც. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამ კომპანიებიდან სამის მეწილეები მოქმედ და ყოფილ მმართველ პარტიებთან არიან დაკავშირებულები და მათი შემომწირვებელი არიან. 

მაგალითად, თენგიზ სარიშვილმა, რომელიც შპს აისბერგის 25%-იან წილს ფლობს, 2016 წელს ქართულ ოცნებას 60 000 ლარი შესწირა. იმავე კომპანიის კიდევ 25%-იანი წილის მფლობელმა კახა ლატარიამ კი 2016 და 2018 წლებში მმართველ გუნდს 60 000 შესწირა, 2019 წელს კი – 50 000 ლარი. 

გარდა ამისა, ეს პარტიები ერთმანეთთანაც არიან დაკავშირებულები. ასე მაგალითად, აისბერგის კიდევ ერთ 25%-იან წილს ქართული ოცნების ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია ფლობს. თავის მხრივ, შპს აისბერგი შპს გეოფიშ კომპანის 60%-იანი წილის მფლობელია. ორივე ამ საწარმოს დირექტორი კი ირაკლი ვეკუაა, რომელსაც ამავდროულად აისბერგ 2-ში დეპუტატ ირაკლი ხახუბიას 25%-იანი წილი მინდობილობით აქვს გადაცემული. 

2016 წელს ირაკლი ხახუბიამ პირობა დადო, რომ ფოთში თევზის სუნი აღარ იქნებოდა. ეს პირობა მან კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა, თუმცა, ფაქტია, რომ დაპირებების მიუხედავად, ფოთის მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას კვლავ ქუჩის აქციებით ცდილობს. 

კომენტარები