კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: Pfizer-ის ვაქცინის შესანახად 12 დაწესებულება შევაფასეთ, დავამტკიცეთ - 9

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, რეგულირების სააგენტომ, ამ დროისთვის, 12 დაწესებულება შეაფასა, მათგან 9 აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც Pfizer-ის ვაქცინით ვაქცინაციისთვისაა დადგენილი. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის ცნობით, ამ დაწესებულებებში ტრენინგი ამ კვირაშივე დაიწყება, –  "დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია, დაახლოებით 15-მდე დაწესებულება გვქონდეს იდენტიფიცირებული იმისთვის, რათა სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი, როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში ჩამოვა". – ამბობს თამარ გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანამ 30 იანვარს მიიღო დასტური, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მივიღებთ. გაბუნიას განმარტებით, პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება და ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კლინიკებში ჩატარდება. 

ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური დაფარვის პლატფორმის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 186 000 დოზა აქვს შეძენილი, რაც მოსახლეობის მხოლოდ 5%-ისთვის იქნება საკმარისი.  

კომენტარები