კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: Pfizer-ის 29 250 დოზას თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე მივიღებთ

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანამ დღეს მიიღო დასტური, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მივიღებთ. გაბუნიას თქმით, პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება და ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კლინიკებში ჩატარდება.

"თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე, ქვეყანაში შემოვა Pfizer-ის პირველი პარტია, 29 250 ერთეულის ოდენობით, რაც განკუთვნილი იქნება ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის. ჯანდაცვის სფერო გახლავთ პირველი რიგის პრიორიტეტი, შემდეგ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ უკვე ცნობილი ვაქცინების დამატებითი დოზების მობილიზებაც მოხდება, ანუ AstraZeneca-ც გარკვეული რაოდენობით დაემატება იმ პირველი Pfizer-ის ვაქცინას პირველ კვარტალში.

Pfizer-ით ვაქცინაცია დიდ კლინიკებში ჩატარდება, ანუ ჰოსპიტლის დონეზე, რადგან ასაცრელი ჯგუფი მცირეა. ეს იქნება თბილისის ბათუმის და ქუთაისის დიდ კლინიკებში". – თქვა გაბუნიამ. 

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზების საქართველოში შემოსვლის პერიოდის შესახებ დღეს ინფორმაცია გაავრცელა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ .

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 19 311 ტესტი, დადასტურდა ინფიცირების 676 ახალი შემთხვევა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 441 პაციენტი. 

30 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 5 910 აქტიური შემთხვევაა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაინფიცირდა 257 632 ადამიანი, მათგან 248 537 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 159 კი გარდაიცვალა.

კომენტარები