კორონავირუსი საქართველოში

რას ითვალისწინებს საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის გეგმა

Reuters

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის დაგეგმვის გეგმა წარადგინა. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ვაქცინას შეიძენს საქართველო. საკოორდინაციო საბჭოს წევრები ამბობენ, რომ ქვეყანა ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად არის მზად. თამარ გაბუნიას თქმით, გეგმის მთავარი მიზანია, 2021 წლის ბოლოს კორონავირუსზე საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის, დაახლოებით, 60% იყოს აცრილი.  

"ეს ამოცანა გარკვეულწილად ამბიციურია, სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ რეალისტურიც, შესაძლებელი იქნება ამის მიღწევა წლის ბოლომდე". – ამბობს გაბუნია. 

გაბუნია კორონავირუსის ვაქცინებზე საუბრისას ამბობს, რომ სიტუაცია განახლებადია, ამიტომ, მთავრობა Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს გარდა სხვა "პერსპექტიულ" ვაქცინებსაც განიხილავს,  რომელთაც აქვთ შანსი, რომ უახლოეს თვეებში მიიღონ ავტორიზაცია. 

გეგმის მიხედვით, კორონავირუსზე პირველად მეტად მაღალი რისკის პირები - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან. გეგმის მიხედვით, ამ ჯგუფში 71 415 ადამიანიდან 65% უნდა აიცრას - შესაბამისად, 2021 წლის ბოლოსთვის ჯანდაცვის სფეროს 46 420 წარმომადგენელი COVID-19-ზე უნდა იყოს აცრილი.   

  1. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების 65% - 46 420 ადამიანი
  2. ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარების 60% - 1 560 ადამიანი 
  3. 75 წელს ზემოთ მოქალაქეების 60% - 135 080 ადამიანი 
  4. 65-74 წლის ადამიანების 60% - 197 510 ადამიანი
  5. ესენციური სერვისების მიმწოდებლების (ჯარი, პოლიცია...) 60% - 108 224 ადამიანი 
  6. 55-დან 64 წლამდე ადამიანების 60% - 287 040 ადამიანი 
  7. 18-დან 54 წლამდე მოქალაქეების, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ - 53 640 ადამიანი  

გეგმის მიხედვით, ჯამურად, მაღალი რისკის მქონე 830 474 ადამიანის აცრა იგეგმება, ასევე, 860 740 მოქალაქის "მოსახლეობის სხვა ჯგუფებიდან". შესაბამისად, გაბუნიას თქმით, 2021 წლის ბოლოსთვის 1 691 214 ადამიანი უნდა იყოს აცრილი.  

გაბუნიას თქმით, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, შეინახოს სამივე ტიპის ვაქცინა, რომელიც საჭიროებს - -80 გრადუსიან რეჟიმს, -20 გრადუსიან რეჟიმს და 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურის რეჟიმს. 

"ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ვაქცინაა ავტორიზებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რომელიც პასუხობს 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურის რეჟიმის მოთხოვნებს. თუმცა, არის რამდენიმე ვაქცინა შემუშავების რეჟიმში. როგორც კი ეს ვაქცინები გახდება ხელმისაწვდომი, მათ შემოტანასაც გავითვალისწინებთ".– ამბობს ის. 

გაბუნიას თქმით, 2021 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტად Pfizer-ის ვაქცინის შემოტანაა მოსალოდნელი. 

გეგმის მიხედვით, მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ვაქცინა აირჩევა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარება ან მაღალი სანდოობის მქონე ეროვნული მარეგულირებლისგან გამოყენების ნებართვაა. 

როგორ და სად იქნება შესაძლებელი ვაქცინაცია - გაბუნიას თქმით, -80-იანი ვაქცინების მიტანა რაიონულ დონეზე გართულდება, ამიტომ, ვაქცინაცია სამი ქალაქის - თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის დიდ საავადმყოფოებში იქნება შესაძლებელი.  

გეგმის მიხედვით, შემდეგ, როდესაც ქვეყანაში 2-დან 8 გრადუსიან ვაქცინებს შემოიტანენ, აცრა რეგიონის კლინიკებშიც იქნება შესაძლებელი. 

"ვფიქრობთ ასევე მობილური ბრიგადების მობილიზებაზე. აუცილებელი იქნება იმ ბენეფიციარების აცრისთვის, ვინც იმყოფება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში და, ასევე, თუ ვისაუბრებთ რაიონულ და სოფლის დონეზეც ვაქცინაციაზე, აქაც დაგვჭირდება მიბულური ბრიგადები. 

მსოფლიოში არსებობს გამოცხადება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მოწყობის. ეს ჩვენს გეგმაშიც არის. ესეც იქნება იმ ეტაპზე, როცა დავიწყებთ მასიურ ვაქცინაციას, უფრო მე-2 კვარტლის შემდეგ". – ამბობს გაბუნია.   

გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მათ ვაქცინაციასთან დაკავშირებული სასწავლო მასალა მიაწოდა, რომლითაც სამედიცინო პერსონალი უნდა გადამზადდეს. 

"ტრენინგების პროცესი უკვე დაწყებულია და ძალიან ინტენსიურად გაგრძელდება მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში". – ამბობს გაბუნია. 

როგორც გეგმაში წერია, იმუნიზაციის შემდგომ განვითარებულ არასასურველ მოვლენებზე ზედამხედველობა და მართვა განხორციელდება სისტემით, რომელსაც ქვეყანა 20 წელზე მეტია, იყენებს. 

"გვერდით მოვლენებზე დაწესდება ძალიან დეტალური და მკაცრი მონიტორინგი. გაიდლაინი იმუნიზაციის პროგრამის გვერდითი მოვლენის აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის მომზადდა გასულ წელს, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ახლა ეს გაიდლაინი გადაიხედა და დაემატა COVID-ის ვაქცინისთვის დამახასიათებელი სპეციპიკური რამდენიმე მოსალოდნელი გვერდითი რეაქცია, რაც იქნება ის სახელმძღვანელო, რომელსაც გამოიყენებენ ჩვენი ექიმები". – ამბობს გაბუნია. 

"მოგეხსენებათ, ძალიან აქტიურია ანტივაქსერული მოძრაობა. ასე იყო ყოველთვის და ახლა განსაკუთრებით აქტიური ხდება. ასევე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება და აქ მედიასთან თანამშრომლობა და როლი არის ის, რასაც გეგმა უსვამს ხაზს და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მოკლე ხანში გვექნება მეტად აქტიური თანამშრომლობის საშუალება სწორი ინფორმაციის გავრცელების და მოსახლეობაში ნდობის შექმნის შესახებ ვაქცინაციასთან დაკავშირებით". – ამბობს გაბუნია. 

მთავრობის გეგმის მიხედვით, ვაქცინაციის გეგმის განხორციელებისთვის მინიმუმ 64 333 622 ლარი იქნება საჭირო, მაქსიმუმი 158 190 243 ლარია.  

"განსხვავება უკავშირდება ვაქცინის განსხვავებულ ღირებულებას, რადგან, მოგეხსენებათ, ვაქცინის ფასი, შესაძლოა, მერყეობდეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა გზით მიღების შემთხვევაში". – ამბობს გაბუნია. 

 

კომენტარები