აშშ-ჩინეთი

აშშ ჩინეთში უიღურების წამების, გაუპატიურების ცნობებზე: სერიოზული შედეგები უნდა მოჰყვეს

BBC

აშშ "ძალიან შეწუხებულია" ჩინეთში, სინძიანგში სისტემატური გაუპატიურების, წამების ცნობებით. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, იქ ჩადენილ სისასტიკეებს სერიოზული შედეგები უნდა მოჰყვეს.

3 თებერვალს BBC-მ გამოაქვეყნა მასალა, სადაც აღწერილია, თუ როგორ აწამებენ, აუპატიურებენ უიღურებსა და სხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ჩინეთში, სინძიანგის პროვინციაში. BBC ესაუბრა რამდენიმე ქალს, რომლებიც ამბობენ, რომ მათზე ჩინეთის სამართალდამცავები სისტემატურად, სექსუალურად ძალადობდნენ, აწამდებდნენ და აუპატიურებდნენ. ამასთან ერთად BBC წერს, რომ  ესაუბრა ყოფილ დაცვას, რომელიც ძალადობის შემთხვევებს ადასტურებს. 

ერთ-ერთმა ქალმა თქვა, რომ ჩინელი მამაკაცების ჯგუფმა სამჯერ გააუპატიურა. მეორე მათგანი ამბობს, რომ ის აიძულეს, უიღური ქალები გაეშიშვლებინა, ხელებზე ბორკილები დაედო მანამ, სანამ მათ დაცვის თანამშრომლები აუპატიურებდნენ. კიდევ ერთი ქალის თქმით, დაცვის წარმომადგენლები მას აწამებდნენ და ელექტროშოკის ჯოხით აუპატიურებდნენ. ვრცლად მათ მიერ მონაყოლი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა გაიმეორა, რომ ჩინეთი სინძიანგში გენოციდს და კაცობრიობის წინაშე დანაშაულს სჩადის. 

Reuters ერთ-ერთ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, ვაშინგტონმა მოკავშირეებთან ერთად ხმა უნდა აიმაღლოს და დაგმოს ეს სისასტიკეები, გაითვალისწინოს ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ და მომავალი დანაშაულები თავიდან აიცილონ. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპიკერი BBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს. 

სინძიანგში ჩინეთის პოლიტიკის წამყვანი მკვლევრის, ადრიან ცენცის თქმით, BBC-ის მიერ მოპოვებული მასალა ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი მტკიცებულებაა, რაც ამ დანაშაულების შესახებ უნახავს. 

19 იანვარს აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, პეკინის მოქმედებები ჩინეთის სინძიანგის პროვინციაში მუსლიმი უიღურების წინააღმდეგ გენოციდად და კაცობრიობის წინაზე ჩადენილ დანაშაულად გამოაცხადა. აშშ-ს ახალი სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, პომპეოს გადაწყვეტილებას იზიარებს.


შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

დეკემბერში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტექნოლოგიას იყენებს ჩინეთი სინძიანგში უიღურების მასობრივი დაკავებებისთვის.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Center for Global Policy-ს დეკემბრის ანგარიშში წერენ, რომ ჩინეთი ასიათასობით უიღურს და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ბამბის პლანტაციებში იძულებით ამუშავებს.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიუროს წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

კომენტარები