აშშ

აშშ-ს ახალმა სახელმწიფო მდივანმა პირველ ინტერვიუში რუსეთზე, ჩინეთსა და ირანზე ისაუბრა

ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა NBC News-თან ინტერვიუში თქვა, რომ აშშ ღრმად არის შეშფოთებული რუსეთში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და ათასობით ადამიანის დაკავების გამო და მოითხოვს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გათავისუფლებას.

ეს ბლინკენის პირველი სატელევიზიო ინტერვიუა მას შემდეგ, რაც მან სახელმწიფო მდივნის პოსტი დაიკავა. პირველ პრესკონფერენციაზეც ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ რუსეთში მიმდინარე მოვლენები იყო. აშშ-ს კრიტიკის პასუხად რუსეთის მთავრობამ დემონსტრანტების წაქეზებაში აშშ დაადანაშაულა.

"რუსეთის მთავრობა ძალიან ცდება, თუ სჯერა, რომ ეს ჩვენ გვეხება. ეს მათ ეხებათ, მათ მთავრობას, რუსი ხალხის ფრუსტრაციას კორუფციის, ავტოკრატიის გამო. ვფიქრობ, მზერა შიგნით უნდა მიაპყრონ და არა გარეთ". – თქვა ბლინკენმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და მისი გუნდი განიხილავენ საპასუხო ქმედებებს ნავალნის დაკავებისა და რუსეთის მთავრობის სხვა ქმედებების გამო, მათ შორის SolarWinds-ის ჰაკერული თავდასხმის და იმ ინფორმაციის, რომ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების დახოცვაზე ჯილდო იყო დაწესებული.

ბლინკენმა ინტერვიუში ისაუბრა ჩინეთზეც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა უხანში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინსპექტორები შეუშვა, კვლავ ჩამორჩენაა ქვეყანაში ექსპერტების მუშაობის დაშვების კუთხით იმ ადგილებში, სადაც კორონავირუსი აღმოაჩინეს. ბლინკენის თქმით, ჩინეთში გამჭვირვალობის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა. მან გააკრიტიკა ჰონგ-კონგში პროდემოკრატიული აქციების ჩახშობა, აქტივისტების დაკავება და უშიშროების ახალი კანონების შემოღება.

"ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ჰონგ-კონგში კვლავ საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან, იმ უფლებებისთვის, რომლებიც გარანტირებული ეგონათ. თუ ისინი ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიის მხვერპლნი გახდებიან, ჩვენ მათ თავშესაფარი უნდა მივცეთ". – თქვა ბლინკენმა.

აშშ-ს ახალ სახელმწიფო მდივანს მიაჩნია, რომ აშშ კვლავ უნდა ჩაერთოს გლობალურ პოლიტიკაში, რადგან "როდესაც აშშ უკან იხევს, მის ადგილს ჩინეთი იკავებს".

"ჩინეთის მიერ შექმნილი საფრთხე ჩვენი, საკუთარი თავისთვის მიყენებული სისუსტეების ბრალია იმდენადვე, რამდენადაც ჩინეთის მზარდი ძალის". – თქვა მან.

ბლინკენს მიაჩნია, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრამ აშშ-ს პოზიციებს საფრთხე შეუქმნა:

"ამან კიდევ უფრო დიდი გამოწვევა შექმნა ჩვენთვის დემოკრატიის, თავისუფლების და ადამიანის უფლებათა დაცვის დროშის ტარების მხრივ. რა თქმა უნდა, ხალხი სხვა ქვეყნებში გვეტყვის: "ჯერ საკუთარ თავს რატომ არ შეხედავთ?" - თქვა მან და განმარტა, რომ აშშ პრობლემებს მთელ მსოფლიოს თვალწინ უმკლავდება - "ეს მკაფიო გზავნილია იმ ქვეყნებისადმი, რომლებიც ყველაფრის დამალვას ცდილობენ".

სახელმწიფო მდივანი შეეხო ირანის საკითხსაც და თქვა, რომ თუ ქვეყანა გააგრძელებს ბირთვული შეთანხმებით დაწესებული შეზღუდვების დარღვევას, მათ, შესაძლოა, ატომური იარაღისათვის საკმარისი მასალა რამდენიმე კვირაში ჰქონდეთ. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ მზადაა, 2015 წლის შეთანხმებაში დაბრუნდეს, თუ ირანი შეთანხმების პირობებს შეასრულებს და შემდეგ პარტნიორებთან ერთად იმუშაოს უფრო ხანგრძლივ და მრავლისმომცველ შეთანხმებაზე.

გასულ თვეს ირანის მთავრობაში განაცხადეს, რომ 20%-ით გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ აშშ-ს მოთხოვნების შესრულებას არ აპირებენ, სანამ მათთვის დაწესებული სანქციები არ მოიხსნება.

ჩრდილოეთ კორეის საკითხზე ბლინკენმა თქვა, რომ მისი გუნდი განიხილავს ნახევარკუნძულის ბირთული განიარაღების შესაძლო გზებს, მათ შორის დამატებით სანქციებისაც.

ამავე თემაზერუსეთი, ჩინეთი, ირანი - რაზე ისაუბრა ენტონი ბლინკენმა სენატში

კომენტარები