კორონავირუსი საქართველოში

ორგანიზატორები: თუ 1-ელი თებერვლიდან არ დადებენ გახსნის გეგმას, დავიწყებთ დაუმორჩილებლობას

ტაბულა

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მიმდინარე აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ, თუ მთავრობა 1-ელი თებერვლიდან ბიზნესის გახსას არ დაიწყებს, ისინი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ და მუშაობას დაიწყებენ. 

"ჩვენ გვქონდა დაანონსებული, რომ პირველი თებერვალი იყო ის ზღვარი, მიჯნა, როდესაც გაიხსნებოდა ქვეყანა, გაიხსნებოდა სკოლები, აღდგებოდა ტრანსპორტი, დაიწყებდა ბიზნესი მუშაობას და ა.შ.  

ორშაბათს, პირველ თებერვალს, თუ ხელისუფლება არ დაიწყებს ამ პროცესს, არ გახსნის, არ დადებს კონკრეტულ გეგმას, მაშინ ჩვენ, ბიზნესი, რესტორნები, სასტუმროები და სატრანსპორტო კომპანიები და სხვა დაწესებულები დავიწყებთ მუშაობას დაუმორჩილებლობაზე, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ აღარ მივაქცევთ ყურადღებას შეზღუდვებს და რეგულაციებს. დავიწყებთ მასობრივ დაუმორჩილებლობას, ჩვენ გვინდა მუშაობა". - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ალექსანდრე გიორგიძე.

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან აქცია იმართება, სახელწოდებით "სოცაფეთქება", რომლის ორგანიზატორებიც არიან შეზღუდვებისგან დაზარალებული კომპანიები და სამოქალაქო აქტივისტები.

აქციის წევრები მოითხოვენ, შემსუბუქდეს შეზღუდვები და რეგულაციების დაცვით გაიხსნას ქვეყანა. 

ასევე, მათი მოთხოვნებია:

  •  მოიხსნას ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;
  • სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში და გაიხსნას საბავშვო ბაღები, შესაბამისი რგულაციების დაცვით;
  • განახლდეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა;
  • გაიხსნას რესტორნები და კაფეები შესაბამისი რეგულაციების დაცვით ღია და დახურულ სივრცეებში;
  • ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს მიეცეთ მუშაობის უფლება;
  • გაიხსნას ფიტნეს და სპორტული დარბაზები შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მოიხსნას ის შეზღუდვები, რომლებიც მათ არსებობას საფრთხეს უქმნის და მკურნალობას აფერხებს;
  • გაიხსნას სახელოვნებო სივრცეები, შესაბამისი რეგულაციებით და შემუშავდეს ინდივიდუალური მიდგომები მათ ასამუშავებლად;
  • გაუქმდეს კომენდანტის საათი

კომენტარები