დავითგარეჯის საქმე

მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოს თანხა 2 საათში სრულად შეგროვდა

მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს თანხა, 40 000 ლარი, 2 საათში შეგროვდა.  

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.  


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

28 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის გარშემო გამოძიება ამოწურულია, ხოლო ბრალეულობა -  "მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით გამყარებული". პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, ამის გამო, საგამოძიებო უწყება მთავარ აქცენტს დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე მიმართავს, ხოლო მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლებას მოითხოვს. 

კომენტარები