დავითგარეჯის საქმე

მარიკაშვილი: მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენება უკანონოა, გავასაჩივრებთ

ედუარდ მარიკაშვილი
ტაბულა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის, ივერი მელაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

ედუარდ მარიკაშვილის განმარტებით, იმ მიზნების მიღწევა, რითაც ბრალდების მხარე ასაბუთებდა ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადაყენების აუცილებლობას, სხვა გზებითაც მიიღწეოდა, მათ შორის, მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების დროებით ჩამოშორებით. 

"ეს ცალსახად უკანონო გადაწყვეტილებაა, ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ. იმ მიზნების მიღწევა, რომელიც თითქოს ჰქონდა ბრალდების მხარეს, რომ გავლენა არ მოეხდინა დასაქმებულთა ჩვენებებზე, შეიძლებოდა გადაყენების გარეშეც, მათ შორის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებით. ამის გაკეთების საშუალება ჰქონდა თვითონ სასამართლოსაც, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება უფრო დასჯას ემსახურება". – თქვა ედუარდ მარიკაშვილმა. 

28 იანვარს წინასასამართლო პროცესამდე ერთი საათით ადრე, გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უწყება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებდა. 

პროცესზე პროკურატურამ თითოეული მათგანისთვის 30 000-ლარიანი გირაო მოითხოვა, რასაც ბრალდებულების ადვოკატები არ დაეთანხმნენ. საბოლოოდ მოსამართლემ ბრალდებულები 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 

წინასასამართლო პროცესი 10 თებერვლამდე გადაიდო. 


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" . პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები