ტურიზმი

თურნავა: ჩვენ ახლა გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე

"ჩვენ ახლა გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე". – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა და განმარტა, რომ "ხარისხიანი" მხარჯველუნარიანი და ამავდროულად, უსაფრთხო ტურისტია. თურნავამ ასე უპასუხა კითხვას, რას სთავაზობს საქართველო ჩამოსულ ტურისტს, როცა, მაგალითად, აჭარაშიც კი ტაქსით წასვლა მოუწევს. 

"გაცილებით უფრო სენსიტიური და მტკივნეულია, რომ ჩვენი, საქართველოს მოქალაქე მგზავრობს ტაქსით და გაუძვირდათ მგზავრობა, ამიტომაც ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, ვიდრე ჩამოსულ ტურისტზე, რომელსაც მერწმუნეთ, წინასწარ ექნება ეს ბიუჯეტში გათვლილი, ჩვენ ახლა გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე, რომელიც უფრო მხარჯველუნარიანია... მხარჯველუნარიანი და ამავდროულად, უსაფრთხო ტურისტი". –ამბობს თურნავა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, არც სახელმწიფოს და არც ტურისტულ სექტორს არ აქვს იმის ილუზია, რომ რეგულარული ფრენების განახლებისთანავე სრულყოფილად აღდგება ტურისტული ცხოვრება. თურნავა ვარაუდობს, რომ მსოფლიოში მიმდინარე ვაქცინაციის ტემპიდან გამომდინარე, უფრო გვიან გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი ტურისტული სეზონის აღდგენა. 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობა მსჯელობს უცხოელების ქვეყანაში შემოსვლის პირობებზე. სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ექნება ვაქცინაციის ორივე დოზა მიღებული, შეუფერხებლად შემოვა ქვეყანაში.

"ლოგიკა აქეთკენ მიდის. თუ არის ვაქცინირებული, უნდა შეეძლოს შემოსვლა. სწორედ ამ ქვეყნებზე ვაკეთებთ გათვლას, ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ბაჰრეინი, ემირატები, ევროკავშირი, სადაც ტემპს იკრებს ვაქცინაცია, რეგიონიც, აქედან გამომდინარე, ამათზე გავაკეთებთ აქცენტს". – ამბობს ნათია თურნავა.

რაც შეეხება კითხვას, რას სთავაზობს საქართველო ამ ეტაპზე ტურისტებს, ეკონომიკის მინისტრი პასუხობს, რომ აჭარაში ორგანიზებული ტრანსპორტირებაც შესაძლებელია.

"ასევე, თბილისშიც შეიძლება გაჩერდნენ, სასტუმროები არ დაკეტილა, სასტუმროების შიგნით რესტორნებიც რეგულაციების დაცვით მუშაობს, თუმცა, რა თქმა უნდა, მოწადინებულები ვართ, პირველ რიგში, აჭარამ, როგორც მწვანე რეგიონმა, უმასპინძლოს ტურისტებს ". – თქვა თურნავამ.

პირველი თებერვლიდან საქართველოს მთავრობა რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს ხსნის. მთავრობა უახლოეს დღეებში იმსჯელებს, რა პირობით შეეძლებათ შემოსვლა საქართველოში უცხოელ ვიზიტორებს. 

საქართველოდან რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტში შეწყდა, მაშინ, როცა ქვეყანაში, ჯამში, კორონავირუსის 49 შემთხვევა იყო გამოვლენილი. საქართველოს მთავრობამ ფრენების აღდგენის პირობა რამდენჯერმე დადო, თუმცა, მხოლოდ აგვისტოში და მხოლოდ სამი მიმართულებით დანიშნა რეგულარული რეისები - თბილისი-მიუნხენის (Lufthansa), თბილისი-პარიზის (Air France) და თბილისი-რიგის (Air Baltic) საჰაერო ხაზზე. რეგულარული და ჩარტერული ფრენების ჩათვლით, ჯამურად, თვეში 50-60 ფრენა სრულდებოდა, რასაც მმართველი გუნდი "გახსნილ საზღვრებს" უწოდებს. აღსანიშნავია, რომ გერმანიის, საფრანგეთის და ბალტიის ქვეყნების მოქალაქეების და მუდმივი რეზიდენტების გარდა, საქართველოში შემოსული მგზავრი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გადიოდა. 

საქართველოს მთავრობა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, Wizzair-ს და Ryanair-ს თვეების განმავლობაში არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო. 

ოქტომბრიდან ფრენა განაახლა ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისი-რიგის მიმართულებით, მაშინ, როცა საქართველოში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.

იქამდე, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას ქუთაისში ბაზის განუსაზღვრელი დროით დახურვა და საქართველოში არაერთი ფრენის გაუქმება მოუწია.

1-ელი ნოემბრიდან რეგულარული ფრენები კიდევ ათი მიმართულებით განახლდა. რეგულარული რეისები დაინიშნა თბილისიდან დოჰის, ვარშავის, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და მილანის მიმართულებით, ხოლო ქუთაისიდან - კატოვიცეს, დორტმუნდის და ვილნიუსის მიმართულებით. აქედან თბილისი-მილანის არც ერთი ფრენა არ შესრულებულა - ავიაკომპანია Ryanair-ს ბაზიდან საქართველოს მიმართულებით ოთხივე რეისი ამოღებული აქვს.

რაც შეეხება კატოვიცეს, დორტმუნდს და ვილნიუსს, Wizzair-მა მხოლოდ დორტმუნდის მიმართულებით შეასრულა სამი რეისი საახალწლოდ, დანარჩენი ფრენები ქუთაისი-რიგის ჩათვლით, გაზაფხულამდე გადადო.

საქართველოს მთავრობამ ფრენების დამატების გარდა, სავალდებულო კარანტინის PCR ტესტის სანაცვლოდ მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირების ერთეული ახალი შემთხვევები იყო, საქართველოს ყველა მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინი უნდა გაევლო. ნოემბრიდან კი, გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების/მუდმივი რეზიდენტების გარდა, მგზავრები PCR ტესტის წარდგენის სანაცვლოდ 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიან, თუ მათ ტესტის პასუხი არ აქვთ, მაშინ თვითიზოლაციაში 12 დღე უნდა გაატარონ. 

კომენტარები