ტურიზმი

"ტესტი, ვაქცინაციის საბუთი" - რა პირობით აღადგენს საქართველოს მთავრობა რეგულარულ ფრენებს

თბილისის აეროპორტი

"თებერვლის თვე იქნება სავარაუდოდ ის თვე, როდესაც რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნით". - განაცხადა  ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ TV იმედის ეთერში და აღნიშნა, რომ კონკრეტულ თარიღს მალე დაასახელებენ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, "ისევ და ისევ, ეს არ ნიშნავს ქაოტურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში". ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველოში შემოსულ მგზავრებს კონკრეტულ Covid-დოკუმენტაციას მოსთხოვენ.

"ეს იქნება ძალიან კონკრეტული, კონტროლირებადი ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით ან რამე სხვა ადეკვატური საბუთით კონტროლირებადი შემოსვლა, მაგრამ ეს არის პირველი იმედი ტურისტული სეზონის  აღდგენის, ტურისტული სეზონის დაწყების, იმის კვალობაზე, რომ მსოფლიოშიც იწყება ვაქცინაცია და ჩვენთანაც იწყება ვაქცინაცია" - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

საქართველოდან რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტში შეწყდა, მაშინ, როცა ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 49 შემთხვევა იყო გამოვლენილი. საქართველოს მთავრობამ ფრენების აღდგენის პირობა რამდენჯერმე დადო, თუმცა, მხოლოდ აგვისტოში და მხოლოდ სამი მიმართულებით დანიშნა რეგულარული რეისები - თბილისი-მიუნხენის (Lufthansa), თბილისი-პარიზის (Air France) და თბილისი-რიგის (Air Baltic) საჰაერო ხაზზე. რეგულარული და ჩარტერული ფრენების ჩათვლით, ჯამურად თვეში 50-60 ფრენა სრულდებოდა, რასაც მმართველი გუნდი "გახსნილ საზღვრებს" უწოდებდა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის, საფრანგეთის და ბალტიის ქვეყნების მოქალაქეების და მუდმივი რეზიდენტების გარდა, საქართველოში შემოსული მგზავრი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გადიოდა. 

საქართველოს მთავრობა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, Wizzair-ს და Ryanair-ს თვეების განმავლობაში არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო. 

ოქტომბრიდან ფრენა განაახლა ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისი-რიგის მიმართულებით, მაშინ, როცა საქართველოში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.

იქამდე, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას ქუთაისში ბაზის განუსაზღვრელი დროით დახურვა და საქართველოში არაერთი ფრენის გაუქმება მოუწია.

1-ელი ნოემბრიდან რეგულარული ფრენები კიდევ ათი მიმართულებით განახლდა. რეგულარული რეისები დაინიშნა თბილისიდან დოჰის, ვარშავის, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და მილანის მიმართულებით, ხოლო ქუთაისიდან - კატოვიცეს, დორტმუნდის და ვილნიუსის მიმართულებით. აქედან თბილისი-მილანის არც ერთი ფრენა არ შესრულებულა - ავიაკომპანია Ryanair-ს ბაზიდან საქართველოს მიმართულებით ოთხივე რეისი ამოღებული აქვს.

რაც შეეხება კატოვიცეს, დორტმუნდს და ვილნიუსს, Wizzair-მა მხოლოდ დორტმუნდის მიმართულებით შეასრულა სამი რეისი საახალწლოდ, დანარჩენი ფრენები ქუთაისი-რიგის ჩათვლით, გაზაფხულამდე გადადო.

საქართველოს მთავრობამ ფრენების დამატების გარდა, სავალდებულო კარანტინის PCR ტესტის სანაცვლოდ მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირების ერთეული ახალი შემთხვევები იყო, საქართველოს ყველა მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინი უნდა გაევლო. ნოემბრიდან კი, გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების/მუდმივი რეზიდენტების გარდა, მგზავრები PCR ტესტის წარდგენის სანაცვლოდ 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიან, თუ მათ ტესტის პასუხი არ აქვთ, მაშინ თვითიზოლაციაში 12 დღე უნდა გაატარონ. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ბოლო ნოტამით რეგულარული ფრენები 1-ელ თებერვლამდეა გაუქმებული. ახალი შეტყობინება სააგენტოს ჯერ არ გამოუქვეყნებია. ის, სავარაუდოდ, იზოლაციისა და კარანტინის შესახებ კანონის ცვლილებას ელოდება.

კომენტარები