ტურიზმი

Wizzair-ი საქართველოდან ფრენებს მარტამდე არ გეგმავს, არც რიგის და დორტმუნდის მიმართულებით

WizzAir

ავიაკომპანია Wizzair-მა საქართველოდან ფრენები მარტის თვემდე გადადო, მათ შორის, რიგის და დორტმუნდის მიმართულებითაც.  ქუთაისი-რიგის რეისები ნოემბერში განახლდა, ხოლო დორტმუნდის მიმართულებით, Wizzair-მა რამდენიმე ფრენა დეკემბერ-იანვარში შეასრულა.

18 იანვრის მონაცემებით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოს მიმართულებით ფრენების, მინიმუმ, მარტამდე არ განაახლებს. განრიგით, Wizzair-ი მარტის დასაწყისიდან აპირებს  რეისების შესრულებას ქუთაისი-დორტმუნდის, ქუთაისი-რიგის, ქუთაისი-ვარშავის და ქუთაისი-აბუ დაბის საჰაერო ხაზზე.

ქუთაისიდან ვენის, ლარნაკის, ათენის, ბუდაპეშტის და ვილნიუსის მიმართულებით ფრენები მარტის ბოლოდან არის დაგეგმილი, ხოლო მაისიდან - პრაღის, ტალინის, ბერლინის, მემინგენის, თესალონიკის, რომის, მილანის, გდანსკის, კატოვიცეს, კრაკოვის, პოზნანის, ვროცლავის მიმართულებით. ეს 12 მიმართულება სავარაუდოდ მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც Wizzair-ი ქუთაისის აეროპორტში ბაზას დააბრუნებს.

რაც შეეხება Ryanair-ს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ნოემბრიდან მილანის მიმართულებით ფრენის უფლება მისცა, ავიაკომპანიას რეისები არ განუახლებია. მეტიც, რამდენიმე თვეა, ავიაკომპანიის ბაზაში საქართველოს მიმართულებით არც ერთი რეისი არ იძებნება. თბილისი-მილანი, თბილისი-კიოლნი, ქუთაისი-ბოლონია და ქუთაისი-მარსელი - ამ ფრენებს ასრულებდა Ryanair-ი პანდემიამდე. 

საქართველოში საჰაერო ცა მაშინ დაიკეტა, როცა, ჯამში, კორონავირუსის 48 შემთხვევა იყო გამოვლენილი. აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა, მაშინ, როცა ევროპის ყველა ქვეყანამ საზღვრები გახსნა. აგვისტოში საქართველომ მხოლოდ სამ ქალაქში დანიშნა რეგულარული ფრენა, ჯამში, თვეში დაახლოებით 20 რეისი. სულ თვეში 50-60 ფრენა სრულდებოდა, რასაც მმართველი გუნდი "გახსნილ საზღვრებს" უწოდებდა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის, საფრანგეთის და ბალტიის ქვეყნების მოქალაქეების და მუდმივი რეზიდენტების გარდა, საქართველოში შემოსული მგზავრი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გადიოდა. 

საქართველოს მთავრობა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, Wizzair-ს და Ryanair-ს თვეების განმავლობაში არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო. 

საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.

საქართველოს მთავრობამ ფრენების დამატების გარდა, სავალდებულო კარანტინის PCR ტესტის სანაცვლოდ მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირების ერთეული ახალი შემთხვევები იყო, საქართველოს ყველა მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინი უნდა გაევლო. ნოემბრიდან კი, გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების/მუდმივი რეზიდენტების გარდა, მგზავრები PCR ტესტის წარდგენის სანაცვლოდ 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიან, თუ მათ ტესტის პასუხი არ აქვთ, მაშინ თვითიზოლაციაში 12 დღე უნდა გაატარონ. 

კომენტარები