NDI-ის კვლევა

ვაშაძე NDI-ზე: ამ კვლევაში პარტიულ რეიტინგებს აქვს მიზერული სოციოლოგიური ფასი

ტაბულა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება და ამბობს, რომ კვლევაში, რომელშიც ღია ტიპის კითხვა ისმება, პარტიული რეიტინგის სოციოლოგიური ფასი არის მიზერული.

"რაც შეეხება NDI-ის კვლევებს, იგივე პარტიულ რეიტინგებს, ეს არის ერთადერთი კვლევა და ბოლო ორჯერ გააკეთა ეს NDI-მ კორონავირუსისგან გამომდინარე და იგივე შედეგები იყო აგვისტოშიც, სადაც ღია კითხვა ისმება, ანუ პარტიების სია ჩამოთვლილი კი არ არის, ვის დაუჭერთ მხარს შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, არამედ პირდაპირ ღია კითხვა ისმება - რომელი პარტია დგას თქვენთან ყველაზე ახლოს და ღია კითხვაში უნდა დაასახელოს სხვადასხვა პარტიები ამომრჩეველმა, აქედან გამომდინარე, სოციოლოგიური ფასი თვითონ პარტიულ რეიტინგებს აქვს ძალიან მიზერული ამ კვლევაში, ამას ნებისმიერი სოციოლოგი გეტყვით". – ამბობს გიორგი ვაშაძე პალიტრანიუსის ეთერში.

კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31% ქართულ ოცნებას ასახელებს, ხოლო 5% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

გამოკითხულთა 25% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია დგას, 24% პასუხზე უარს ამბობს, 5%-მა არ იცის, ხოლო 9% სხვა პარტიებს ასახელებს (ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტული პარტია, გირჩი).

NDI აღნიშნავს, რომ შესაძლოა, პასუხზე უარის  თქმის მაღალი მაჩვენებელი სატელეფონო მეთოდის თავისებურებებით აიხსნას.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გსათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები