აშშ

აშშ-ს სენატმა თავდაცვის მდივნის პოსტზე ლოიდ ოსტინი დაამტკიცა

ლოიდ ოსტინი
CNBC

აშშ-ს სენატმა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ თავდაცვის მდივნის პოსტზე წარდგენილი გადამდგარი გენერალი, ლოიდ ოსტინი დაამტკიცა. 

67 წლის ოსტინი პირველი აფროამერიკელია, ვინც პენტაგონს უხელმძღვანელებს.

მას მხარს უჭერს 93 სენატორი, 2-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. 

იმისათვის, რომ თავდაცვის მდივნად დაემტკიცებინათ, ოსტინს კონგრესის მიერ ერთ-ერთი წინაპირობის მოხსნა სჭირდებოდა. გენერლის პოსტიდან ის 2016 წელს გადადგა, ხოლო იმისათვის, რომ პირი პენტაგონს ჩაუდგეს სათავეში, საჭიროა, აქტიური სამხედრო სამსახურიდან სულ მცირე 7 წელი იყოს გასული. ამ დრომდე მსგავსი გამონაკლისი კონგრესმა სულ 2 შემთხვევაში დაუშვა - უკანასკნელი ასეთი შემთხვევა მოხდა ტრამპის მიერ გენერალ ჯეიმზ მეტისის დანიშვნის დროს.

გენერალ ლოიდ ოსტინს 4 ვარსკვლავი აქვს მიღებული, ის 2013-2016 წლებში ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ აზიის რეგიონებზე მუშაობდა და იყო წამყვანი ფიგურა ერაყსა და სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ აშშ-ს კამპანიაში.

სენატში ლოიდ ოსტინის მოსმენის დროს მან მრავალ საკითხზე, მათ შორის საგარეო საკითხებზე - ჩინეთის, რუსეთის, ირანის საფრთხეებზე და ასევე, ალიანსების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჩინეთისა და რუსეთის საფრთხეებზე საუბრისას, ოსტინმა განმარტა, თუ რატომ განიხილავს ჩინეთს ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ:

"ჩინეთი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს, რადგან ჩინეთი აღმავალია, რუსეთიც საფრთხეა, მაგრამ ის ვარდნაშია, რუსეთს კვლავ შეუძლია დიდი ზიანის მოყენება, როგორც ჩვენ ეს ვნახეთ უკანასკნელ დღეებში - ესაა ქვეყანა, რომელზეც უნდა გვქონდეს გარკვეული ფოკუსი, თუმცა ჩინეთი ზრდადი საფრთხეა". 

20 იანვარს სენატმა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე წარდგენილი ავრილ ჰეინსი დაამტკიცა. ის არის პირველი ქალი, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს

კომენტარები