აშშ

ჯო ბაიდენი გეგმავს, თავდაცვის მდივნის პოსტზე გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსტინი წარადგინოს

ჯო ბაიდენი და ლოიდ ოსტინი
Getty Images

ამერიკული მედიის მიხედვით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული ჯო ბაიდენი გეგმავს, ქვეყნის თავდაცვის მდივნის პოსტზე გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსტინი წარადგინოს.

პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში 67 წლის ოსტინი პირველი აფროამერიკელი იქნება, ვინც პენტაგონს უხელმძღვანელებს.

იმისათვის, რომ თავდაცვის მდივნად დაამტკიცონ, ოსტის კონგრესის მიერ ერთ-ერთი წინაპირობის მოხსნა დასჭირდება. საქმე იმაშია, რომ გენერლის პოსტიდან ის 2016 წელს გადადგა, ხოლო იმისათვის, რომ პირი პენტაგონს ჩაუდგეს სათავეში, საჭიროა, აქტიური სამხედრო სამსახურიდან სულ მცირე 7 წელი იყოს გასული. ამ დრომდე მსგავსი გამონაკლისი კონგრესმა სულ 2 შემთხვევაში დაუშვა. უკანასკნელი ასეთი შემთხვევა მოხდა ტრამპის მიერ გენერალ ჯეიმზ მეტისის დანიშვნის დროს.

გენერალ ლოიდ ოსტინს 4 ვარსკვლავი აქვს მიღებული, ის 2013-2016 წლებში ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ აზიის რეგიონებზე მუშაობდა და იყო წამყვანი ფიგურა ერაყსა და სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ აშშ-ს კამპანიაში.

ცნობილია, რომ თავდაცვის მდივნის პოსტზე ბაიდენი ასევე განიხილავს პენტაგონის ყოფილი ოფიციალური პირების, მიშელ ფლორნოისა და ჯე ჯონსონის კანდიდატურებს. ჯონსონი აშშ-ს შიდა უსაფრთხოების მდივნის პოსტს იკავებდა 2013-2017 წლებში, ფლორნოი კი, დამტკიცების შემთხვევაში, პირველი ქალი იქნება, რომელიც თავდაცვის მდივნის პოსტს დაიკავებს.

ჯო ბაიდენმა მისი ადმინისტრაციის კაბინეტის წევრობის კანდიდატების ნაწილი გასულ თვეს წარადგინა. ბაიდენის თქმით, მისი გუნდი "ასახავს ფაქტს, რომ ამერიკა დაბრუნდა, მზადაა მსოფლიოს წინ გაუძღვეს და მისგან უკან არ დაიხიოს".

კომენტარები