აშშ

აშშ-ს თავდაცვის მდივნობის კანდიდატი: ჩინეთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა

სენატში აშშ-ს თავდაცვის მდივნობის კანდიდატის, ლოიდ ოსტინის, მოსმენა გაიმართა. მან მრავალ საკითხზე, მათ შორის საგარეო საკითხებზე - ჩინეთის, რუსეთის, ირანის საფრთხეებზე და ასევე, ალიანსების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"გლობალურად, მე მესმის, რომ აზია უნდა იყოს ჩვენი ძალისხმევის ფოკუსი და მე ჩინეთს ჩვენი დეპარტამენტისთვის განსაკუთრებით ზრდად გამოწვევად ვხედავ". – თავის შესავალ სიტყვაში ოსტინმა ჩინეთზე ფოკუსის მნიშვნელობაზე თქვა. 

კითხვაზე, თუ რა უნდა ჩინეთს და რა არის მისი სტრატეგიული მიზანი, ის პასუხობს - "ისინი უკვე არიან რეგიონალური ჰეგემონები და მათი სტრატეგიული მიზანია, იყვნენ მსოფლიო დომინანტი ძალა, ისინი მუშაობენ, რომ შეგვეჯიბრონ ჩვენ არაერთ სფეროში და ეს მთელი მთავრობის ძალისხმევას მოითხოვს, რათა შევეწინააღმდეგოთ მათ ძალისხმევას".

მისივე თქმით, ჩინეთი მათი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ის გააგრძელებს დეპარტამენტის რესურსების ფოკუსირებას ამ საკითხზე, რათა დარწმუნდნენ, რომ მზად არიან ნებისმიერი გამოწვევისთვის და "ჩვენ გვექნება სანდო შემაკავებელი [ძალა] ჩინეთისთვის თუ სხვა ნებისმიერი აგრესორისთვის".

მისივე თქმით, ასევე ამ ძალისხმევის ნაწილია მოკავშირეების მნიშვნელობა და ეს მოკავშირეები მოიცავენ რეგიონის ქვეყნებს და ასევე მთელ მსოფლიოს. 

ჩინეთისა და რუსეთის საფრთხეებზე საუბრისას, ოსტინმა განმარტა, თუ რატომ განიხილავს ჩინეთს ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ:

"ჩინეთი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს, რადგან ჩინეთი აღმავალია, რუსეთიც საფრთხეა, მაგრამ ის ვარდნაშია, რუსეთს კვლავ შეუძლია დიდი ზიანის მოყენება, როგორც ჩვენ ეს ვნახეთ უკანასკნელ დღეებში - ეს ქვეყანაა, რომელზეც უნდა გვქონდეს გარკვეული ფოკუსი, თუმცა ჩინეთი ზრდადი საფრთხეა". 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის კიბერთავდასხმის შესახებ ლოიდ ოსტინმა რუსეთის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

"მე ჩავატარებ ამ განხილვას და მე ვფიქრობ, რომ ამჟამად მიმდინარეობს განხილვა... მე გულწრფელად მჯერა, რომ FBI-მ და ეროვნული უშიშროების სააგენტომ რუსეთს [დასდო ბრალი ამ თავდასხმის გამო]. თუ ასეა, მაშინ რუსეთს პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ". – აღნიშნა მან. 

სენატორი რიდის კითხვაზე, მნიშვნელოვანია თუ არა ალიანსების გაძლიერების საჭიროება, კონკრეტულად კი წყნარი ოკეანის რეგიონში ავსტრალიასთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და ასევე სხვა წყნარი ოკეანის ქვეყანასთან, ის პასუხობს  - "მე ვფიქრობ, რომ ეს კრიტიკულად [მნიშვნელოვანია] და მე ვიმედოვნებ, რომ შევაკეთებ ამ ალიანსებს და უზრუნველვყოფთ დამატებითი შესაძლებლობების დაშენებას, რაც შეგვიძლია. ამ რეგიონში მოგზაურობა ჩემი ერთ-ერთი პირველი გაჩერება იქნება".

ის ასევე ეთანხმება რიდის მოსაზრებას, რომ ჩინეთის მისწრაფებებთან დაკავშირებით საუკეთესო შეკავებაა ერთობლივი წვრთნების, დაზვერვის ინტეგრაციის, ზღვაში, მიწასა და ჰაერში ოპერაციების ინტეგრაციის მნიშვნელობა. 

ასევე, ალიანსების მნიშვნელობაზე ლაპარაკისას მან თქვა, რომ აშშ უკეთ ასრულებს საქმეს, როდესაც მოკავშირეებთან ერთ გუნდად მოქმედებს - "ყველა ოპერაციაში,  რომლებშიც მე მონაწილეობა მიმიღია და მნიშვნელოვან ოპერაციებში, ერაყში, ავღანეთში, ISIS-ის საწინააღმდეგო კამპანიებში და ბევრ სხვა საკითხებში, ჩვენმა მოკავშირეებმა მოგვიტანეს ძვირფასი შესაძლებლობები ბრძოლაში და გულწრფელად მჯერა, რომ უბრალოდ ვერ გამოცხადდები, იბრძოლებ და იქნები ეფექტიანი. მე ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობები უნდა განვითარდეს, უნდა იმუშაოთ ერთად, იცხოვროთ ერთად მრავალ შემთხვევებში იმისთვის, რომ გქონდეს ეფექტიანი და სანდო საბრძოლო ძალა. გუნდის, კოალიციის წევრად ბრძოლა არის იმის ნაწილი, ვინც ჩვენ ვართ და რასაც ვაფასებ, და ჩემი არჩევის შემთხვევაში, მე ხელახლა დავაარსებ ზოგიერთ კრიტიკულად [მნიშვნელოვან] პარტნიორობას, ალიანსებს, რომლებიც გვქონდა და ვიმუშავებთ ჩვენ მოკავშირეებთან".

კვლავ ჩინეთზე საუბრისას, კითხვაზე, ეთანხმება თუ არა თავდაცვის დეპარტამენტის ანგარიშს იმის შესახებ, რომ ჩინეთი სავარაუდოდ მიზნად ისახავს საუკუნის შუა წლებამდე განავითაროს ისეთი სამხედრო ძალები, რაც უტოლდება ან ზოგიერთ შემთხვევაში აღემატება კიდეც აშშ-ს სამხედრო ძალებს, ლოიდ ოსტინი პასუხობს:

"ვეთანხმები იმას, რომ ეს მათი მიზანია, არჩევის შემთხვევაში, ჩემი საქმე იქნება, რომ უზრუნველვყო შესაძლებლობების, გეგმებისა და ოპერაციული კონცეფციების განვითარება, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენ კონკურენტულ უპირატესობას შევინარჩუნებთ. ეს მათი მიზანი შეიძლება იყოს, მაგრამ თუ დამამტკიცებენ [ამ პოზიციაზე], უზრუნველვყოფ, რომ ეს არასდროს მოხდეს."

რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, ოსტინი ირანს დესტაბილიზაციის გამომწვევ ქვეყანად და საფრთხედ განიხილავს.

"ირანი კვლავ აგრძელებს იყოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ელემენტი რეგიონში. თუ შეხედავთ მის ქცევას... ის არ იქცევა კარგად მის მეზობლებთან, ის საფრთხეა ჩვენი პარტნიორებისთვის რეგიონში და იმ ძალებისთვის, რომლებიც ჩვენ განლაგებული გვყავს რეგიონში. თუ ირანს საშუალება ექნება მიიღოს ბირთვული შესაძლებლობები, უმეტესი პრობლემა, რასაც ჩვენ რეგიონში ვუმკლავდებოდით, უფრო რთული გასამკლავებელი იქნება ამის გამო". – თქვა მან. 

ისრაელის აბრაამის შეთანხმებაზე კი მან აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებამ მეტ წნეხში მოაქცია ირანი და ის იმედოვნებს, რომ შეთანხმება კარგ ეფექტს გამოიღებს. 

კომენტარები