აშშ

სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე წარდგენილი ავრილ ჰეინსი დაამტკიცა

ავრილ ჰეინსი
Fox

20 იანვარს სენატმა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე წარდგენილი ავრილ ჰეინსი დაამტკიცა. მას სენატში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. 

ის არის პირველი ქალი, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს. 

CIA-ს დირექტორის ყოფილი მოადგილე სენატის სადაზვერვო კომიტეტის წინაშე გუშინ წარსდგა. 

მას მხარს უჭერს 84 სენატორი, 10-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. 

სენატის მოსმენაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთის საკითხს და იმ საფრთხეებს, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია უქმნის აშშ-ს უშიშროებას. 

ჰეინსმა აღნიშნა, რომ არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთს გლობალურ კონკურენტად ხედავს, თუმცა სადაზვერვო სამსახურები ჩინეთში მოწინააღმდეგეს ხედავენ და "აგრესიული" ჩინეთის მიმართ მიდგომა ასევე უფრო მტკიცე და აგრესიული უნდა იყოს.

"ჩვენი მიდგომა ჩინეთთან უნდა განვითარდეს და უპასუხოს მტკიცე და აგრესიულ ჩინეთს, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ჩინეთი გამოწვევაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის და ფასეულობებისთვის. მე ვემხრობი უფრო აგრესიულ მიდგომას იმ გამოწვევასთან გასამკლავებლად, რომლის წინაშეც ვართ". – თქვა ავრილ ჰეინსმა.

სენატორების ირანთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხისას ჰეინსმა აღნიშნა, რომ ირანი რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტორია და თვლის, რომ ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლებლობა.

"ირანი წარმოადგენს საფრთხეს და არის დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტორი რეგიონში. ეს არის საკითხი, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ". – თქვა ჰეინსმა.

ავრილ ჰეინსმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს სამთავრობო სააგენტოებს არ გადაუწყვეტიათ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები და კიბერშეტევები აშშ-სთვის ასიმეტრიულ საფრთხეს ქმნის, ვინაიდან აშშ-ს სამთავრობო სისტემები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თანამედროვე ტექნოლოგიებზე, განსხვავებით აშშ-ს მეტოქეებისგან.

კომენტარები