კორონავირუსი საქართველოში

ფერაძე: საქმიანობის განახლებისთვის ბიზნესი უნდა დარეგისტრირდეს და ჩატარდეს ტესტირება

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, პირველი თებერვლიდან საქმიანობის განახლებისთვის ბიზნესი შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდეს, თანამშრომლებისთვის ჩატარდეს COVID-19-ზე ტესტირება და ამის შემდგომი პროცესი იქნება საქმიანობის განახლება.

"დაანონსებულია, რომ პირველი თებერვლიდან ბაზრების და მოლების ფუნქციონირება განახლდება. საუბარი გვაქვს მსხვილ ქალაქებზე, სადაც ადამიანების გენერირებაც მეტად ხდება. მათთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია ელექტრონული პლატფორმა, სადაც მოახდენენ რეგისტრაციას ბიზნესები და ამ რეგისტრაციის საშუალებით, რომელიც მიმდინარე კვირაში იქნება ცხადი, მოხდება ტესტირების განხორციელება და ტესტირების შემდგომი პროცესი იქნება პირველი თებერვლიდან საქმიანობის განახლება. ეტაპობრივად, იგივე მექანიზმებით განხორციელდება ეკონომიკის გახსნაც". – თქვა ფერაძემ. 

18 იანვრის დილის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  247 915 შემთხვევაა აღწერილი. მათგან 234 636 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 958 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

პირველი თებერვლიდან იხსნება სავაჭრო მოლები და ბაზრობები.

კომენტარები