ჩოხატაური

ჩოხატაურში მერიასთან მუსლიმი მოსახლეობა აქციას მართავს, ადგილზე მუფტიც ჩავიდა

მუფტი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

ჩოხატაურის მუსლიმი მოსახლეობა მერიასთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გუშინ, 13 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე დაპირისპირებული მხარეები ვერ შეთანხმდნენ. მონაწილეები ითხოვენ, რომ გაიმართოს შეხვედრა, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.  

ჩოხატაურში დასავლეთ საქართველოს მუფტი ჩავიდა. როგორც ის ამბობს, ხვალიდან, 15 იანვრიდან ლოცვა გაგრძელდება და პარასკევის ლოცვა შედგება.

"ლოცვები გაგრძელდება. ის, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ არ უნდა ავყვეთ პორვოკაციებს. უნდა გავისარჯოთ, რომ სოფელი დაუბრუნდეს სიმშვიდეს. გუშინდელი დღის შემდეგ, როცა გაიმართა შეხვედრები  და ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა, რომ მხარში გვიდგანან [...] ლოცვები გაგრძელდება, სოფელი დაუბრუნდება მშვიდობიან ცხოვრებას". - ამბობს ის. 

ადგილზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის (EMC) წარმომადგენელი, თამთა მიქელაძეც ჩავიდა. მიქელაძის თქმით, ადგილზე მოსახლეობას საპოლიციო ჯგუფების საშუალებით ესაუბრებიან, რაც, მისივე თქმით, მათთვის კონფლიქტის შეწყვეტის საკმარისი გარანტია არ არის.

"გუშინდელი მოლაპარაკებების დროს გარკვეული გარანტიები მუსლიმებმა მიიღეს, რომ უსაფრთხო პირობები შეიქმნება ლოცვისთვის, თუმცა იმის გამო, რომ ეს მოლაპარაკებები მაღალ პოლიტიკურ დონეზე არ იმართება, ამ პროცესში არ არიან ჩართული მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ლეგიტიმაცია და ნდობა აქვთ, ამავდროულად, აქ არ არიან ჩართული მთავრობის ადამიანის უფლებათა აქტორები და მოსახლეობას ელაპარაკებიან საპოლიციო ჯგუფები. მოსახლეობისთვის ეს საკმარისი გარანტია არ არის, რომ კონფლიქტი რეალურად გადაწყდება". - ამბობს თამთა მიქელაძე.  

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. შსს-მ ძალადობის გამო ერთი ადამიანი დააკავა. მან თანასოფლელებს თავი ქვით დაუზიანა.  

კომენტარები