რელიგიის თავისუფლება

ღავთაძე ბუკნარზე: სახელმწიფოს სამარცხვინო პოლიტიკაა - "უმცირესობები" იყვნენ უჩინრები

მაკო ღავთაძე
ტაბულა

"სახელმწიფოს სამარცხვინო რელიგიური პოლიტიკაა, რომ "უმცირესობები" იყვნენ უჩინრები". – ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას TDI-ს წარმომადგენელი, მაკო ღავთაძე ეხმაურება. 

გუშინ, 12 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურში, ბუკნარში ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. შსს დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა წერს, რომ ძალადობის გამო 1 ადამიანი დააკავეს. მან თანასოფლელებს თავი ქვით დაუზიანა. 

"2012 წლის ოქტომბერში გურიის სოფელ ნიგვზიანში ადგილობრივ მუსლიმებს დაუპირისპირდნენ. ლოცვის უფლება არ გაქვთო. იძალადეს, მიაყენეს შეურაცხყოფა. სახელმწიფომ რა ქნა? არაფერი. ხელი დააფარა. ანუ წააქეზა ადამიანების დევნა რელიგიური ნიშნით. მალევე, 2012 წლის ნოემბერში უკვე სოფელ წინწყაროში დაუწყეს მუსლიმებს დევნა. მერე სოფელ სამთაწყაროში, მერე სოფელ ჭელაში, მერე ქობულეთში, მერე მოხეში, მერე სოფელ ადიგენში. ასე გაგრძელდა მუსლიმების დევნა, ძალადობა, შეურაცხყოფა 2016 წლამდე.

რომელი საქმე გამოიძიეს აქედან? არცერთი!

დღეს ისევ გურიაში, სოფელ ბუკნარში, ისევ მუსლიმებს გაუტეხეს თავი, ისევ პრობლემას უქმნიან, ღირსეულ პირობებში ლოცვის შესაძლებლობას არ აძლევენ. ისევ ევაჭრებიან, რომ უნდა იყოთ უჩინრებიო. თქვენი ხმა არ უნდა ისმოდეს, მეჩეთი მეჩეთს არ უნდა გავდეს, რომ “უმრავლესობა” არ გაღიზიანდეს.

ხომ გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ ვიცე პრემიერმა რომ თქვა, მარტო უმრავლესობამ უნდა აღნიშნოს შობაო. ასე უყურებს ხელისუფლება მოქალაქეებს - უმრავლესობა და უმცირესობა. ადამიანი არ არსებობს. ესაა სახელმწიფოს სამარცხვინო რელიგიური პოლიტიკა, მისი ასევე სამარცხვინო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოთი, რომელიც მუშაობს, რომ “უმცირესობები” იყვნენ უჩინრები, დაჩაგრულები, უუფლებოები". –წერს ღავთაძე. 

ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც (EMC) გამოეხმაურა. როგორც EMC წერს, მსგავს შემთხვევებზე სახელმწიფოს სათანადო რეაგირება არ აქვს, რაც დაუსჯელობის წახალისებას იწვევს. EMC მოუწოდებს მთავრობას, შექმნას სტრატეგია და დაიცვას მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლება.

კომენტარები