კაპიტოლიუმზე თავდასხმა

აშშ-ში კაპიტოლიუმის ვიკინგად წოდებული ენტონი ჩენსლი დააკავეს

აშშ-ში დააკავეს პირი, რომელიც 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში რქებით და ქურქით შეიჭრა. სოციალურ ქსელებში მას "კაპიტოლიუმის ვიკინგსაც" უწოდებენ. 

ამის შესახებ ინფორმაციას abc ავრცელებს. ჯეიკ ენჯელის სახელით ცნობილი ადამიანის ნამდვილი სახელი და გვარია ჯეიკობ ანტონი ჩენსლი. როგორც მან სამართალდამცავებს განუცხადა, იგი დედაქალაქში თავის მეგობარ პატრიოტებთან ერთად არიზონიდან ჩავიდა. 

მანამდე ცოტა ხნით ადრე დააპატიმრეს 36 წლის ადამ ჯონსონი, რომელიც იმ პირებს შორის იყო, ვინც 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობდა. სწორედ ჯონსონმა გაიტაცა კონგრესის სპიკერის, ნენსი პელოსის კათედრა. 

ჯონსონის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია ფლორიდის ადგილობრივმა ტელევიზიამ, WTSP-მ გაავრცელა. ტელევიზიის ინფორმაციით, ჯონსონი ფედერალური ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს და ამ დროისთვის იგი პინელასის ციხეშია მოთავსებული. 

პინელასის შერიფის ოფისის ცნობით, ჯონსონმა მონაწილეობა მიიღო 2020 წლის არჩევნებში, თუმცა არ დაუკონკრეტებია პარტიული კუთვნილება. აქამდე საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა ჯონსონმა ბოლოს 2004 წელს მისცა.

ჯონსონის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე დააპატიმრეს არკანზასელი რიჩარდ ბარნეტი. სწორედ ბარნეტი შეიჭრა ნენსი პელოსის კაბინეტში, ამის ამსახველი ფოტო მედიაში გავრცელდა. 

არეულობა აშშ-ს დედაქალაქში 6 იანვარს, იმ დღეს დაიწყო, როდესაც კონგრესს უნდა დაემტკიცებინა არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უნდა გამხდარიყო. არჩევნების შედეგებს არ ცნობდა დონალდ ტრამპი, მოქმედი პრეზიდენტის თქმით, არჩევნები გაყალბდა და მას გამარჯვება წაართვეს. 

6 იანვარს დონალდ ტრამპის მომხრეებმა ვაშინგტონში მიტინგი მოაწყვეს, რის შემდეგაც კაპიტოლიუმის შენობისკენ დაიძრნენ. მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონი და შეიჭრნენ შენობაში. ამის შემდეგ საჭირო გახდა ნენსი პელოსისა და მაიკ პენსის ევაკუაცია. 

არეულობის შედეგად, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელიც

კომენტარები