ბაიდენის ადმინისტრაცია

ბაიდენი ეროვნული უშიშროების თანამდებობებზე დანიშნავს პირებს ობამას ადმინისტრაციიდან

ჯო ბაიდენი
Deadline

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და მისმა გარდამავალმა გუნდმა ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო დეპარტამენტში ისეთი მთავარი თანამდებობების განაწილება დაიწყეს, როგორიცაა ეროვნული უშიშროების მრჩევლის მოადგილე და სახელმწიფო მდივნის მოადგილე. Politico-ს ინფორმაციით, ამ თანამდებობებს ობამას ადმინისტრაციაში მომუშავე პირები დაიკავებენ.

Politico-ს წყაროზე დაყდნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილედ, პოლიტიკურ საკითხებში, ვეტერან დიპლომატ ვიქტორია ნულანდს წარადგენენ. ნულანდი ობამას ადმინისტრაციის დროს იკავებდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობას.

Politico ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში დიდი ხნის დიპლომატს, ვენდი შერმანს, წარადგენენ სახელმწიფო მდივნის კანდიდატის, ტონი ბლინკენის, მოადგილედ. შერმანი ობამას ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში და ირანის შეთანხმებაში მთავარი მომლაპარაკებელი.

ობამას ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ ისინი მუშაობდნენ ანალიტიკურ ინსტიტუტებში და უნივერსიტეტებში და აკრიტიკებდნენ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, საგარეო პოლიტიკას - განსაკუთრებით კი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, დაშოშმინების პოლიტიკას. 

Politico ასევე წერს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს, ჯონ ფინერს, დანიშნავენ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილედ. ფინერი ყოფილი ჟურნალისტია, რომელიც 2009 წელს ობამას ადმინისტრაციას შეუერთდა და სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის, მაშინდელი ეროვნული უშიშროების მრჩევლის, ბლინკენის უფროსი მრჩევლის თანამდებობა. 2017 წლიდან ფინერი მუშაობდა კერძო კაპიტალის ფირმა Warburg Pincus-ში პოლიტიკურ რისკებსა და საჯარო პოლიტიკაზე, რომლის თანადამფუძნებელი ბლინკენის მამა იყო.

ევროპის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსი ხელმძღვანელი იქნება ამანდა სლოტი, Brookings Institution-ის წევრი, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს სამხრეთ ევროპასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის საკითხებში მდივნის თანაშემწედ მუშაობდა.

გამოცემის ინფორმაციით, ამ თანამდებობების შესახებ, შესაძლოა, მიმდინარე კვირას დააანონსონ

წყაროების მიერ დასახელებული პირები და ბაიდენის გარდამავალი გუნდი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. 

24 ნოემბერს აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ფორმალურად წარადგინა თავისი ადმინისტრაციის კანდიდატები. დამტკიცების შემთხვევაში, ისინი საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების წამყვან თანამდებობებს დაიკავებენ. 

კომენტარები