აშშ-საქართველო

რას ამბობს საქართველოზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი ტონი ბლინკენი?

ენტონი ბლინკენი

ამერიკული მედიის მიხედვით, ჯო ბაიდენი უახლოეს დღეებში დაასახელებს სახელმწიფო მდივნის ვინაობას. წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ პოსტზე ტონი ბლინკენის კანდიდატურა განიხილება.

ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, 2015-2017 წლებში ბლინკენი სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო, 2013-2015 წლებში კი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე.

მიმდინარე წლის სექტემბერში CBS News-თან ინტერვიუში მან კრემლის წინააღმდეგ საჭირო პოლიტიკაზე ისაუბრა:

"პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს მისი აგრესიის გამო გულში კი არ ჩაიკრავს, დაუპირისპირდება, არ გააკრიტიკებს ნატოს, გააძლიერებს შეკავების პოლიტიკას, გააკეთებს ინვესტიციებს კიბერ სივრცეში, კოსმოსში, ზღვის სიღრმეში, ხელოვნური ინტელექტისა და ელექტრონული ბრძოლის მეთოდების კუთხით არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ახალი შესაძლებლობების შექმნისათვის, უშიშროების კუთხით უფრო მძლავრ დახმარებას აღმოუჩენს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები". - თქვა მან.

ბლინკენმა თეთრ სახლში კარიერა ჯერ კიდევ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს დაიწყო, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მრჩეველი გახდა. მოგვიანებით ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარი გახდა. 2001-2008 წლებში, როდესაც ჯო ბაიდენი სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ბლინკენი საგარეო კომიტეტის დემოკრატების თანამშრომელთა კოორდინატორი იყო. 2008 წელს ის ბაიდენის წარუმატებელ წინასაარჩევნო კამპანიაში მრჩევლად მუშაობდა. 2020 წლის კამპანიის დროსაც ბლინკენი ბაიდენის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი იყო.

58 წლის ბლინკენი უკანასკნელ წლებში CNN-ის გლობალურ ანალიტიკოსად მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, ბლინკენი გახდა WestExec Advisors-ის, გეოპოლიტიკურ რისკებზე კორპორაციების საკონსულტაციო სააგენტოს თანადამფუძნებელი. ის მხარს უჭერს აშშ-ს მიერ მსოფლიო ასპარეზზე უფრო აქტიური ლიდერული როლის დაკავებასა და მოკავშირეებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.

"რაც არ უნდა ტვირთად გვეჩვენებოდეს, ჩვენი ინტერესების კუთხით ალტერნატივა ბევრად უარესია". - თქვა მან Reuters-თან ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ ობამას ადმინისტრაციაში მუშაობის დროს ბლინკენი საბრძოლო მისიით გაგზავნილი ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის შემცირებაზე მუშაობდა, გასულ წელს მან ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა გააკრიტიკა სირიიდან აშშ-ს სამხედრო ძალების გამოყვანისა და ქურთი მოკავშირეების მიტოვების გამო. მისი შეფასებით, ამან "აშშ-ს სანდოობა გამოშიგნა".

"პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ტრამპის მიერ შექმნილი სტრატეგიული დეფიციტიდან ამოსვლა. ტრამპი ჩინეთს სტრატეგიული მიზნების მიღწევაში დაეხმარა". - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ტაივანის მხარდაჭერის საკითხს.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე ყოფნისას ბლინკენი მხარს უჭერდა საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტში აღებულ ვალდებულებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას". - თქვა მან 2015 წელს ვაშინგტონში, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეხუთე პლენარული სესიაზე.

2016 წელს ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მან განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში პროგრესისა და განვითარების მაგალითი იყო.

"თქვენი სტრატეგიული პოზიცია ევროპასა და აზიას შორის გზაჯვარედინზე ჩვენი ახალი აბრეშუმის გზის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია. აშშ მხარს უჭერს საქართველოს რეგიონულ ლიდერობასა და ტრანს-კასპიის დერეფნის შექმნას, რომელიც ევროპისა და აზიის ბაზრებს დააკავშირებს.

ჩვენ ასევე ვიცით, რომ ინკლუზიური გზა ვერ შენარჩუნდება თავისუფლების, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის საფუძვლის არსებობის გარეშე. საქართველო რეგიონისათვის დემოკრატიული ინსპირაციის წყაროდ რჩება. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს უხდება რუსეთის ოკუპაციასა და ბორდერიზაციასთან გამკლავება. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები აჩვენებს ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებსა და სამეზობლოს, რომ დემოკრატია, ღიაობა და ტოლერანტობა არის მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის საუკეთესო გარანტია. მსოფლიო გიყურებთ". - თქვა მაშინ ბლინკენმა.

ბლინკენი მონაწილეობდა ყირიმის ანექსიის დროს რუსეთისათვის სანქციების დაწესების პროცესშიც. ის საუბრობდა რუსეთის პოლიტიკური იზოლაციის მნიშვნელობაზე:

"ეს მნიშვნელოვანია, რადგან ერთადერთი გზა, რომლითაც პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი ძალაუფლებას განსაზღვრავენ, არის გეოპოლიტიკური გავლენა, რომლის მოპოვებასაც რუსეთი ახერხებს. საერთაშორისო საზოგადოებაში რუსეთისათვის პოლიტიკური საფუძვლის გამოცლა და მისი პოლიტიკური იზოლაცია ამ ძალაუფლებას ამცირებს". - თქვა მან 2014 წელს ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას.

მედია, ბაიდენის გუნდთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით, ასევე წერს, რომ გაეროში აშშ-ს ელჩის პოსტზე ლინდა ტომას-გრინფილდს წარადგენენ, ეროვნული უშიშროების მრჩევლის პოსტზე კი ჯეიკ სალივანის კანდიდატურა განიხილება.

თეთრი სახლის შტაბის უფროსად უკვე დაინიშნა რონ კლაინი, 2020 წლის კამპანიის დროს ბაიდენის მთავარი მრჩეველი, რომელიც 2009-2011 წლებში ვიცეპრეზიდენტ ბაიდენის შტაბის უფროსი, 1995-1999 წლებში კი კიდევ ერთი დემოკრატი ვიცეპრეზიდენტის, ალ გორის შტაბის უფროსი იყო. მან თქვა, რომ ბაიდენის კაბინეტი მრავალფეროვანი იქნება, თუმცა დანიშვნის პროცესს აფერხებს ტრამპის ადმინისტრაციის უარი დამარცხების აღიარებაზე და თეთრი სახლის მომდევნო ადმინისტრაციისათვის გადაბარების კუთხით თანამშრომლობაზე.

კომენტარები