აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის (FBI) ყოფილმა ინფორმატორმა 16 დეკემბერს აღიარა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ფედერალურ ხელისუფლებას ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის, შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვდიდა.
ალექსანდერ სმირნოვს მიმდინარე წელს აშშ-ს ნაფიც მსაჯულთა "დიდმა ჟიურიმ" ბრალი უკვე წარუდგინა FBI-ის აგენტისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების საქმეში. სმირნოვი მოტყუებით ამტკიცებდა, რომ ოფიციალურმა პირებმა უკრაინული ენერგოკომპანია Burisma-დან, სადაც ჰანტერ ბაიდენი მუშაობდა, მამა-შვილს სათითაოდ $5 მილიონი გადაუხადა ობამას ადმინისტრაციის პერიოდში, როდესაც ბაიდენი ვიცეპრეზიდენტი იყო.
სმირნოვმა კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოსთან საპროცესო შეთანხმებას მას შემდეგ მიაღწია, რაც წინა კვირაში იგი შეთანხმდა, რომ ფედერალურ გამოძიებაში მცდარი და გამოგონილი მონაცემების შექმნაში ბრალს აღიარებდა.
მან ასევე კიდევ ერთ საბრალდებო აქტში ბრალეულობა გადასახადებისგან თავის არიდების საქმეშიც აღიარა, რომელიც წინა თვეში წარადგინეს. სმირნოვმა აღიარა, რომ 2020-22 წლებში $2 მილიონის ოდენობის შემოსავალი მიიღო, რომლის შესახებაც სახელმწიფოსთან განაცხადი არ გაუკეთებია.
ამას გარდა, პროკურორები და სმირნოვის ადვოკატები შეთანხმდნენ, რომ სასამართლოს 4-დან 6-წლამდე პატიმრობასა და ერთი წლით ზედამხედველობის ქვეშ გამოშვებაზე თხოვნით მიმართავდნენ. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ზარალის ასანაზღაურებლად გადასახდელი თანხა $675 000 იქნება.





